5 სექტემბერი, 2020

პოეტების საკითხავი რატი ამაღლობელისგან

პოეტების საკითხავი რატი ამაღლობელისგანპოეტი რატი ამაღლობელი თავის კოლეგებს მცირე კატეხიზმოს სთავაზობს და პოეტობის არსზე ორიგინალურად ესაუბრება:

„პოეტი შეიძლება დაიბადოს ყველგან.
პოეტი შეიძლება დაიბადოს საქართველოში.
პოეტი შეიძლება იყოს კაცი, ან ქალი,
მაგრამ ის არ არის არც კაცი, არც ქალი,
ის პოეტია.

პოეტი შეუძლებელია იყოს პატრიოტი,
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს სამშობლო.
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს.

პოეტს არავინ და არაფერი უყვარს თავისთვის,
პოეტს უბრალოდ უყვარს და ეს მათთვისაა.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს ეროვნებაში,
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს.

პოეტს არ იზიდავს ქალაქი,
პოეტი ნამდვილი მოქალაქეა“.

„პოეტი საკუთარ გამოუთქმელ სიღრმეებში
ღმერთს ჰგავს,
ღმერთი კი – პოეტს (გამოთქმულის ზედაპირზე).
ღმერთი პოეტია, პოეტი – ღმერთი.

პოეტი შეუძლებელია დღეს არ იყოს,
პოეტი დღეს შეუძლებელია“.