ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო განაჩენი

ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო განაჩენირომანტიკოს პოეტს ნიკოლოზ ბარათაშვილს საბედისწერო განაჩენი გიმნაზიის კიბემ გამოუტანა – სამხედრო კარიერაზე მეოცნებე ბიჭი კიბიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და მისი ოცნებაც წამში დაიმსხვრა.

სამწუხაროდ, პოეტის ხანმოკლე ცხოვრება სიხარულითა და წარმატებით არ ყოფილა განებივრებული, მთელი მისი ცხოვრება უსასრულო იმედგაცრუებებით და წარუმატებლობებით იყო აღსავსე.

არანაკლებ წარუმატებელი იყო პოეტის პირადი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულზეა ცნობილი, ტატოს ცხოვრებაში იყო რამდენიმე ქალი – ნინო ორბელიანი, ფრანგი დელფინა ლაბიელი, ეკატერინე ჭავჭავაძე, განჯელი მაჰმადიანი გონჩა ბეგუმი…

სამწუხაროდ, პოეტის სიყვარულს სიყვარულით არავინ უპასუხა. მისი გულის მესაიდუმლე მაიკო ორბელიანი იყო, რომელსაც წერილებს წერდა და თავის გულისტკივილს გულწრფელად უზიარებდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება პირდაპირ აისახა მის პოეზიაში – ტრაგიკოსი პოეტი სულის ობლობაზე წუხდა. მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ მთაწმინდა, მტკვარი, ვარსკვლავები, მთვარე – რომელთაც საკუთარ დარდებს უზიარებდა.

დაუსრულებელმა დარდმა და წუხილმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია. 27 წლის პოეტი მალარიით დაავადდა და განჯაში გარდაიცვალა. მხოლოდ წლების შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის განჯიდან თბილისში ჯერ დიდუბის პანთეონში, მოგვიანებით კი მთაწმინდის პანთეონში გადასვენება.