1 სექტემბერი, 2020

ლექსები შემოდგომაზე

ლექსები შემოდგომაზე

შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთ ულამაზესია – საოცარი ბუნება, ფერადი ფოთლები, მოსავლის დაბინავება… ალბათ ამიტომაც მიუძღვნეს პოეტებმა შემოდგომას ყველაზე მეტი ლექსი:

ანა კალანდაძე – შემოდგომა

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები…
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები… ფოთლები…
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები… ფოთლები…

 

ნოდარ დუმბაძე – შემოდგომის სურათი

ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები,
ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან,
მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან

 

ვაჟა-ფშაველა – შემოდგომა

გაყვითლდა მთები,
გაფუჭდა გზები.
ვუცქერ ბუნებას:
ჯავრითა ვკვდები.
აღარსად ვარდი,
აღარსად ია,
დაბლა ყვითელი
ფოთოლი ჰყრია;

ტყე ისეთია,
როგორაც გლახა:
შეეცოდება,
კაცმა თუ ნახა.
მკვდარ ამირანს ჰგავს
მინდორ-ველები:
დაუკრეფიათ
გულზე ხელები.

რა ვნახე გუშინ,
რას ვხედავ დღესა!
ვის ოინია,
ნეტავი, ესა?
ყველასგან მესმი
მე მხოლოდ კვნესა…
ჩიტი-ჩიორა
მარტო არ ჰკვნესის,
აჰშლია ჟინი
მღერის და ლექსის.

დაჰკივის მთასა,
დაჰკივის ბარსა,
გალობს და გალობს,
დაღლას არა ჰგრძნობს.
დამჭკნარ-დამზრდელი
დედა-ბუნება
გალობის ჰანგებს
ჩაებანება.

 

მურმან ლებანიძე – რატომ გვიყვარს შემოდგომა

–რატომ გვიყვარს შემოდგომა
ყველას დიდს თუ პატრას?
იმიტომ, რომ კაკალს ბერტენ,
ადუღებენ თათარას.
იმიტომ,რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს,
იმიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა.
იმიტომ,რომ სავსეა
კალათი და გოდორი,
იმიტომ,რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი.

 

მუხრან მაჭავარიანი – შემოდგომის სურათები

I

მწიფე ყურძნით
ხარობს თვალი ,
წელს უხვი ჩანს მოსავალი …
სახლის უკან
ბღავის ბალი :
– ვაი, ჩემი ტყავის ბრალი!

II

წვიმა გახშირდა …
დაჭკნა გვირილა.
ხეზე მტრედივით
შემოჯდა ზვინი.
საწნახელს სისხლი
წასკდა ცხვირიდან, –
ჭურში ორშიმომ
ჩატუნტრა ცხვირი.

III

ცეკვავს წისქვილის დოლაბი,
ტაშისკვრაში საცერი,
ფუჩეჩში ჩასაფრებულა
ნედლი სიმინდი – შემწვარი;
აღფრთოვანება
ამ მცირე მიწიდან აღმონაცენი,
ვით ცეროდენა კვერცხიდან
ამოფრენილი მერცხალი, –
ლაღად მოივლის ქვეყანას,
შინაურია ყველგანა.

 

ოთარ ჭილაძე – შემოდგომის პირველი დღე

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა, ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით, ანდა ვკარგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…

 

გალაკტიონ ტაბიძე – შემოდგომის დღე

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე,
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი:
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე…
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე.

ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი…
ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება!
რა არის იგი? ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე ვნებით.

დამშვიდდი, გულო: შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად… დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!

წავიდა, გაქრა… ვერ შევეკითხე.
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა…
გამიქრა სულის ოცნება წმინდა,
ილულება მზე, იძარცვება ტყე…
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე…

 

გალაკტიონ ტაბიძე – შემოდგომის დილა

ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა,
დილით სიცივე იყო ფარული,
ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,
როგორც სიკვდილი და სიყვარული.

მაგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი.
სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
დღე იყო ისევ შემოდგომისა.

 

ლადო ასათიანი – შემოდგომა მოვიდა

შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
– სიტკბოებაც აქ არი!
– სიხარულიც აქ არი!
– ბიჭო, მარდად დაჰკარი!
– ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
აჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
– ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!

 

იოსებ ნონეშვილი – შემოდგომა თბილისში

შემოდგომას სულ პირველად
რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს
გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
მოვარდება კახეთიდან,
ვით ფეხმარდი მოამბე,
ღვინისა და ხილის სურნელს
თბილისშიაც მოაფენს.
შეჩერდება მოქალაქე,
მოსდის ელეთმელეთი.
იტყვის: ალბათ ღვინის სუნით
სუნთქავს მთელი ხმელეთი.
და მახლობელ ბაზრის კარებს
შეხსნის ფიქრით გართული,
რომ იხილოს თავის თვალით
შემოდგომა ქართული.
არიგებულ, ჩარიგებულ
დახლებსა და ყაფანზე
ყველა თავის შრომის ნაყოფს
და მოსავალს აფასებს.
შემოსულა შემოდგომის
დოვლათი და ბარაქა.
მოილხინოს, გაიხაროს
მთელმა თბილის – ქალაქმა.
ღვინის ზღვა და ხილის რიყე,
ხილთა ქება ნამდვილი…
ქარში უცხო ფრინველივით
მოფრიალე მანდილი.
ყაფანებთან ანათებენ,
ვით ვარსკვლავნი დარისა,
ქერა გოგო – პირიმზისა,
თეთრი – პირიმთვარისა.
მარცხნივ ბზინავს ფორთოხალი,
მარჯვნივ ვაშლის მთებია
და ტიკები, ლოთებივით
ბოძებს მიჰყუდებიან.
იქ კი, სადაც ყვითელ კომშებს
და ჩურჩხელებს ჰყიდიან,
ალაზნის პირს დახოცილი
დურაჯები ჰკიდია.
ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს,
მაშ, შემირცხვეს სახელი! ­
კარდენახულ ღვინოს აქებს
ბიჭი, – კარდენახელი.
იმერელი ცდილობს შენს გულს
ტკბილად დაეპატრონოს:
– ნუ იყიდი, მარტო გემო ნახე,
ჩემო ბატონო!
სულგუნს აქებს ზუგდიდელი,
წითელ ატამს – ატენი…
ირგვლივ ხილი, შეძახილი,
ქების კორიანტელი.
შემოსულა შემოდგომის
დოვლათი და ბარაქა,
მოილხინოს, გაიხაროს
მთელმა თბილის – ქალაქმა.
შემოსულა შემოდგომა,
ქუჩებსა და მოედნებს
მოშრიალე ხის ფოთლები
ფრთოსნებივით მოედვნენ.
შემოდგომის ქარი ჰქრის თუ
გაზაფხულის დარია?
ლამაზები სეირნობენ,
განა მართლა ქარია?!
მარჯნის ფერი, ქარვის ფერი
ქარმა ერთად არია.
ეს კაბების შრიალია,
განა მართლა ქარია?!
მზეც ღრუბლების გალავანზე
ლაღად გადმომდგარია.
სიყვარულის სიმღერაა,
განა მართლა ქარია?!
შემოსულა შემოდგომა
დოვლათით და ბარაქით
და მასპინძლობს ხელგაშლილი
მთელი თბილის – ქალაქი.

 

გოდერძი ჩოხელი – შემოდგომა

საბრალოა შემოდგომის ქარი,
დაჰქრის,დაჰქრის, სულ რაღაცას ტირის
ვინ დაჰკარგა? ან ვინა ჰყავს მკვდარი,
რომ ვერ მორჩა გაუთავებ ჩივილს.
სულ გაგიხსნი, გულს გაგიღებ ქარო,
მოდი ჩემთან, მოდი მომეპყარი,
რას გაიგებ იქნებ ჩემთან არი
ვინც დაჰკარგე, ჩემს გულშია მკვდარი’