ლექსები გალაკტიონ ტაბიძეზე

ლექსები გალაკტიონ ტაბიძეზეპოეტი გალაკტიონ ტაბიძე არაერთი კოლეგის მუზა გახდა. მირზა გელოვანმა, მურმან ლებანიძემ, ტერენტი გრანელმა, ტიციან ტაბიძემ, შოთა ნიშნიანიძემ, ოთარ ჭილაძემ, ნიკო სამადაშვილმა, ოთარ მამფორიამ გალაკტიონს ლექსები უძღვნეს:

 

შოთა ნიშნიანიძე – “ლეგენდა”
(გალაკტიონს)

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ –
საქართვალოში…
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

 

შოთა ნიშნიანიძე – მიზიდულობა

იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა
ზურგს უკან ფრთები
და ცად გაჰყევი ანგელოსებს
შენივე ნებით?
თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება
ლეგენდად იქცა, –
მიზიდულობა წესია
და კანონი ბრძნული
და რაკი სრულად ეკუთვნოდა
ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიზიდა
და ზეცამ სული.
მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე
ჟამი და სივრცე,
გადარჩენილხარ
დავიწყების სუნთქვას სუსხიანს,
ხოლო სიკვდილით ეზიარე
იმხელა სიბრძნეს,
რომელიც
დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია.

 

მურმან ლებანიძე – გალაკტიონი

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ…

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი…
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი…

 

ტერენტი გრანელი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია.

 

ოთარ ჭილაძე – გალაკტიონ ტაბიძეს

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით.

 

ლადო ასათიანი – გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!
ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი,
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი,
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი, –
შემოდგომისას ძირს დაცვენილი.
რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს,
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი:
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ,
რომ სიცოცხლე და ლექსები გშვენის!

 

ტიციან ტაბიძე – გალაკტიონ ტაბიძეს
(ფრაგმენტი)

ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით…
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს…

 

მირზა გელოვანი – გალაკტიონ ტაბიძეს

მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით,
თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,
გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ რიდის,
ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს.
არ შეედრება ის ქარი ამ ქარს,
როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით –
თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,
და თქვენს ხმებს მე და ჩემი ლექსები.
მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნიშით,
მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც,
თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი,
თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორცხვე მახლავს.
და როცა სიკვდილს ვამარცხებ ერთი,
როს კვლავ იმედი ასიათასობს,
თქვენ გიგონებთ და ცას იმერეთის,
ბრძენო მაღალო, ცაო ძვირფასო!

 

მირზა გელოვანი – გალაკტიონ ტაბიძეს

ჯერ კიდევ ბავშვმა გავშალე წიგნი,
გავშალე წიგნი, ჩავხედე მშვიდად.
ვნახე, გრიგალი ლურჯი ყდის შიგნით
მთაწმინდის მთვარის ნაკვალევს შლიდა
ვნახე, ზარების ხმა საკვირველი
ვით გუგუნებდა მოჯრილ კარებთან,
წამომდგარიყო ქარი პირველი
და პირველ დროშას მოაქანებდა.
და შავი ყორნის მქისე ხრიალი
აქრობდა თეთრი სინათლის ხაზებს.
ციოდა, თუმცა მზე სისხლიანი
ორლესულივით ეკიდა ცაზე.
ციოდა… ყველა გაფრენილ ისარს
ნაუცბათევი სიკვდილი ახლდა.
ახლა გახედე მთაწმინდას, ისანს,
ან მადათოვი იცანი ახლა.
შენ გეხსომება, უნაზეს უბეს
როგორ ავსებდა ცრემლების ჩქერი.
მდინარეს შავი მოჰქონდა კუბო
და შიგ დიდება ესვენა ჩვენი.
კუბო, რა კუბო, რა საშინელი,
რა შავი სალტით შემორკინული,
თუ სულში ჰყინავს, უფროა ძნელი,
როდესაც სულში დნება ყინული.
მაგრამ შენ მოხველ, ჩვენი მზეც ნახე
ყველა მზეებზე უფრო უზადო…
დაე, პოეტის საყვარელ სახელს
მხოლოდ გვირგვინმა უმუზარადოს.
დაე, ახალმა სიტყვამ ადიდოს,
ვინც სიბნელეში გრიგალს შეება,
შარიშურობდნენ სამარადისოდ
გადარჩენილი ალვის ხეები,
რომ სტრიქონები, ვით ვარსკვლავები,
ცას ალისფერი შუქით აღებდნენ,
კვლავ გეხვეოდნენ ლექსთა მკლავები
და პატრონობას შეგღაღადებდნენ.

 

მურმან ლებანიძე

(გალაკტიონს)

რომ მოესაჯათ – ვეკითხები პოეტებს ამას –
ჩვენთვის ათ-ათი,და თუ გნებავთ,ოც-ოცი წელი –
-ახლა არ მითხრათ, რომ ვთამაშობ უსაგნო თამაშს,
რომ ოცის მომცემს პოეტებთან არა აქვს ხელი –
– რომ მოესაჯათ – ვთქვათ! სიტყვაზე!დავუშვათ წუთით! –
რომ მოესაჯათ, და რომ ეთქვათ:”საკნებში ჩადით!”
ხუთით – სახოტბო ხალტურისთვის!ლიქნისთვის – ხუთით!
სულ მუდამ თავის კანტურისთვის – უკლებლივ ათით!
რომ მოესაჯათ, და საკანში შეტანის,მკაცრად,
განურჩეველად თითო წიგნის მოეცათ ნება,
რომ გვეკითხა და ყოველ ღამე, ბეტონის ნაცვლად,
ჩვარში გახვეულ იმავ წიგნზე დაგვედო კეფა,
მაინც რომელ წიგნს აირჩევდით – ცა გაცნაურდეს!
მაინც რომელ წიგნს – იწონოდეს ის წიგნი ტომებს!
რომ გადაშალო – და საკანში ზღვა ახმაურდეს!
მაინც რომელ წიგნს,თქვი მართალი,თუ ძმა ხარ,რომელს?
აქ არ არსებობს,მე მგონია,მეორე აზრი!
ცხრაას ოცდაშვიდს გამოცემულს,უბრალო ყდაში!
თვალები – ორბის!შუბლი – პრინცის!ხაზები – ბასრი!
ჯეკ ლონდონივით შუქი გაგდის მარმარის ყბაში!
“მერი”,”პროლოგი ასი ლექსის”,”შინდისის ჭადრებს”,
“ლურჯა ცხენები”,”მესაფლავე”,”დროშები ჩქარა”,
“იცვალნენ დრონი…”,”ეფემერა”,”ავანთებ კანდელს”,
“უცნაურ ბინდში გუთნეული მიჰყვება ჭალას…”
ო,გალაკტიონ!ზღვებს,სივრცეებს,ეპოქებს იტევ!
ციხეში არ ვარ – შენი წიგნი სასთუმლად მიდევს…
დავხედავ პორტრეტს – შუბლს პრინცისას,მოცარტის თითებს,
გადავშლი წიგნს და ყურს მივუგდებ სამოთხის ჩიტებს…

 

მურმან ლებანიძე – ყვავილების მდინარე

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.
აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.
ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.
რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი –
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.
დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, – მისი ჟინი მართავდა…
ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.
უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:
კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა.
„რა ჰქნა?“ – უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.
„რა ჰქნა?“ – ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, –
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა…
სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.
წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.
იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.
ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.
რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ერთი-ორი სხვაც ჰყავდა,
ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!

 

ვახტანგ ჯავახაძე
სამი სიტყვა შევიჩვიე,
სამი სამად სამი სიტყვა,
ვერც ავდარმა შემიშინა,
ვერც გრიგალმა დამისეტყვა.
ნუ აწუხებთ ლექსიკონებს,
ნუ კითხულობთ ნუღარც საბაბს,
სდუმს ჭაღარა ჩიქობავა,
სდუმს ჭარმაგი სულხან_საბაც.
მთარგმნელები უჩივიან
ლინგვისტებს და პოლიგლოტებს,
თარჯიმანი იღიმება ვიდრე აზრზე მოვიდოდეს.
ირგვლივ მზეა,
იებია,
ბევრი იასამანია_
მღერის ჩემი სამეული
ცეკვავს ჩემი სამაია.
არც ცალ_ცალკე იკითხება,
არც ცალ_ცალკე იწერება,
არც წვიმაში იჟანგება
და არც ზღვაში იძირება.
არც არავის ეძალება,
არც არავის ედავება,
ვერ აიტანს შეხებას და
შეხედვას და
შედარებას.
მხოლოდ უნდა მოისმინო
უხილავი მელოდია,
ასე თოვლის სასახლეში
მეფეები შემოდიან.
ასე უსმენს ჩანგებს ჩანგი,
თარებს თარი,
დოლებს დოლი,
მოვა ღმერთი მეორედ და
იტყვის:
დოვინ,დოვენ,დოვლი!
ლია სტურუა
_გახსოვს გალაკტიონი?
_მთვრალი რომ დადიოდა ქუჩებში?
_არა,მყინვარზე რომ იდგა
და ეცოდებოდა ყველა,
ვინც ვერ იყურება
ამ სიმაღლიდან.
_იქიდან გადმოხტა?
_ალბათ,მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით…
_და თუ ასეთი რთულია
ეს ყველაფერი,
რატომღა ეპოტინები?
_გახსოვს,იყო ასეთი ქვეყანა
საქართველო,რომელიც
მეხსიერებაში მაინც თუ არ შევინახეთ,
გადმოხტება საავადმყოფოს ფანჯრიდან და ვეღარ დავეწევით..

ოთარ მამფორია – ჩემი სტუმარი

თმაზე წვეთავდა ზეცის მირონი,
შფოთიან სიყრმის დაკარგულ ცრემლად.
წვიმაში იდგა გალაკტიონი
და მხრებზე სცემდა ბრდღვიალა ელვა.
ჩამოეღვარა მკერდზე რითმებად
ცისა და მიწის უკვდავი ფერი.
და ჩაივარცხნა გრძელი თითებით
თბილისის ქარში გაშლილი წვერი.
ვითარ შეგირდი, შევდექი მის წინ,
მოძღვარმაც მიცნო, მომხვია მკლავი,
გავყევით ქუჩას და ღამის ნისლში
წინ მეგზურივით გარბოდა მტკვარი.
წამს ჟრუანტელი მოენთო კედლებს,
მიწა იძრა და გავარდა მეხი,
იმ ჩემს სტუდენტურ – ღარიბულ ჭერქვეშ
გალაკტიონმა შემოდგა ფეხი.
შემოეჯარნენ ვერხვები ირგვლივ,
სარკმელს მოაწყდა აპრილის სუნთქვა,
დიდი პოეტის ცისფერი წიგნით
როცა გავშალე პატარა სუფრა.
შესჭიხვინებდნენ ლურჯა ცხენები
უკვდავებისკენ გაფრენილ მხედარს,
ჯიღადასადგმელ შუბლის მშვენებას
ჯანღიც ერია მეწამულ ფერთა.
შორს კი ჰყიოდა მომავლის გედი,
იშმუშნებოდა დიდების დაფნა
და გასცქეროდა მუზების ღმერთი
მამადავითზე ასასვლელ აღმართს…

 

ნიკო სამადაშვილი – გალაკტიონ ტაბიძეს

ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს.
ურმით მოგქონდა პოეზიით გავსილი ჭური,
ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს
ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული.
მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი,
ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები,
ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით.
ეგ გული წუხდა ვით სამრეკლო ცის უდაბნოში.
რას გააწყობდი, ირგვლივ იდგა სიბნელის თქეში,
საშველი არ არს! – მსხვილ ცრემლებით იმდუღრებოდი
და „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში.
შენ „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში,
მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს.
ეზიდებოდი ლექსებს მტევნებად პოეზიის დიდ საწნახელში.

 

ბაგრატ ბადიდი – მემილიონე

ბაღს დასციმციმებს მთვარე, როგორც მედალიონი,
ბაღის სიღრმეში მაგიდა დგას მყუდრო და კენტი,
იქ ოფიციანტს ელოდება ერთი კლიენტი-
თავად ბახუსის ტყუპისცალი გალაკტიონი.
აქ ხშირად დადის გენიოსი პოეტი, ლოთი
და თითქოს მისის ვინაობა არც კი იციანან,
ზის, ხმას არ იღებს, ცარიელი წინ უდგას ბოთლი
და მოთმინებით ელოდება ის ოფიციანტს.
კიდევ დალევდა მსმელი კაცი ორიოდ ჭიქას,
მაგრამ არ მიაქვთ მასთან ღვინო, ჯავრობს პოეტი.
ოფიციანტმა ლამის არის გააძრო სიქა
და ალოდინებს, ის კი ითმენს, როგორც ყოველთვის.
დგას „ინტურისტის“ რესტორანი, ვით ბასტიონი,
იქ ოფიციანტს ელოდება გალაკტიონი,
ოფიციანტი ისე დაჰქრის, როგორც ფიგარო,
იქნებ პოეტსაც უწყალობო მზერა, ჯიგარო.
ჰე, ოფიციანტ, ნუ იქნები ასეთი ბოთე,
ღვინო წყურიათ პოეტებს და ქრონიკულ ლოთებს,
მოთმინებასაც საზღვარი აქვს, და წვეროსანი,
მათი კლიენტი, ანუ ჩვენი დიდი მგოსანი
ხმას აიმაღლებს, და ნაწყენი შესძახებს ასე:
„ბიძიკო, აქეთ მოიხედე, ჩვენც დაგვაფასე!“
ოფიციანტი მიუბრუნდა ჭირვეულ კლიენტს,
(ხმაში აშკარად ეტყობოდა მას ირონია)
„მაცალე, კაცო, გზა შენამდე ვერ გავიკვლიე,
მე ერთი ვარ და შენისთანა მილიონია!“

 

მიხეილ ქვლივიძე – გალაკტიონი
სხვა კაცი იყო,
სხვა ხმა ჰქონდა, სხვა აღტკინება,
დილით ბაზრისკენ უხაროდა გასეირნება,
სახელდახელოდ ერთი ჭიქა არყის გადაკვრა…
ეხლა ამბობენ: “უბედური არაყს გადაჰყვა!”
მისმა ცხოვრებამ არსებობა ბევრს დააყვედრა
და რადგან თავი არ ჰქონდათ გამოსაჩენი,-
მას მიუსაჯეს დავიწყება,
როგორც დახვრეტა,
და სისრულეში მოიყვანეს ეს განაჩენი!
ეხლა ამბობენ… ეჰ, ვინ იცის, რას არ ამბობენ!
მის ტახტზე სხედან,
მის ლაშქარში სპასალარობენ,
მთაწმინდის კალთებს მიჰყვებიან მისი ბილიკით,
(მაინც, ბოლო დროს, მთაზე ასვლა გახდა იოლი!)
თავი მოიკლა?
არა, გვამცნო თავის სიკვდილით:
ცოცხალიაო,
არ მომკვდარა გალაკტიონი!
არცა სდევნიდნენ, არცა მტრობდნენ,
არცა სძრახავდნენ
მის ავყიობას, მის ლოთობას
და მის სიფიცხეს…
ჯერ პოეზიის
სათაყვანო
კერპად გახადეს,
მერე ჯართივით ჩამოწერეს
და… დაივიწყეს.
და გაჰქრა კაცი-
უსაფლავოდ
და უთარიღოდ,
ცოცხლობდა,
მაგრამ სათვალავში
უკვე არ იყო…
ეხლა ამბობენ:
“ახლობელი ნუთუ არ ჰყავდა?
ვინ პატრონობდა იმ უბედურს,
ვინ ინახავდა?
სად იყვნენ მისი მეგობრები,
და-ძმა
ცოლი ან…”
გამოდის, მართლა,
მოამაგე ბევრი ჰყოლია,-
მაგრამ არავინ, ო, არავინ თან არ გადაყვა,
ვერ შეამჩნიეს რადგან მისი
ცოცხლად დამარხვა!
ის კი – ცოცხლობდა,
პოეზიის დიდი მოძღვარი,
თავისი ფიქრით, მწუხარებით,
ხალისით, რისხვით
ცოცხლობდა!..
და რომ მართლა იყო კიდევ ცოცხალი,
დაგვიდასტურა
ქვაფენილზე
დაღვრილი
სისხლით
როცა გივიწყებს ყველა
დასამარებულს ცოცხლად,
როცა არც ხსნა, არც შველა
არ ჩანს არსაით, როცა
თეთრად ცხადდება შავი
და არ თავდება ჯვარცმა,-
რომ გაგიხსენონ,თავი
უნდა მოიკლა კაცმა!
უნდა მოიკლა თავი
და ჩამოამხო ზეცა,
რომ ერთი წამით მაინც
მათი გულები შესძრა,
ვინც არაფერზე წუხდა
და მდუმარებდა,როცა…
როცა მოკვდავნი – უკვდავს
გასამარებდნენ ცოცხლად!
და სისხლი იგი, რომელი მაშინ დაითხია,
აწცა იხილვების, ვითარცა ახალი…”
მემატიანე
გარდაიცვალა… ხელს არ გვიშლის არავის ეხლა
და ამიტომაც გულმოდგინედ ვადიდებთ ერთხმად.
იქ კი ქალაქში, სადაც შუქი აღმოხდა მისი,
საავადმყოფოს შესასვლელთან გუბეა სისხლის.
ქუჩაში ხალხი ძველებურად მიდის და მოდის.
გუბე არ შრება…
და დაშრება, ვინ იცის-როდის?

 

ეპოქა გალაკტიონის

საქართველოში დღეს ყოველ მგოსანს
შარავანდედს ჰფენს შენი გავლენა,
რომ უჩვენებდე მათ გზას სხივოსანს –
ჩვენმა ეპოქამ შენ მოგავლინა!
იყო ბრწყინვალე შოთას ეპოქა,
და იმის მსგავსად, ტიტანის ღონის,
არა ამაოდ ჩვენს ხანას ჰქვია –
ეპოქა დიდი, გალაკტიონის.
ხალხის გულისთქმა, მღელვარე ასე,
რადგან ყველაზე ადრე გაიგე,
უმაღლეს მთაზე, მშობლიურ მთაზე
შენ ხელთუქმნელი ძეგლი აიგე!