12 სექტემბერი, 2020

კოტე იანტბელიძის საუკეთესო რჩევები

კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში ცვლილებები გამოიწვია, მათ შორის სასწავლო პროცესშიც.

არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი კოტე იანტბელიძე გვირჩევს არ ჩავარდეთ პანიკაში და სწავლის გადადების პროცესი სასარგებლოდ გამოვიყენოთ:

“1. სწავლა უნდა გადადებულიყო, ორი აზრი არაა, რადგან ჯერჯერობით სკოლებში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სასწავლო პროგრამები, რისთვისაც თუნდაც ოდნავ მაინც ღირს ბავშვების და მათი ოჯახების რისკის ქვეშ დაყენება.

2. „სწავლის გადადება“ არ ნიშნავს სწავლის შესაძლებლობის არქონას.

3. როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი შვილები გაუნათლებლები არ დარჩნენ სწავლის გადადების გამო (თუ მაინც და მაინც ამის გვეშინია) ?

ა) განათლება მარტო წიგნის წაკითხვით არ მიიღება. ესაუბრეთ შვილებს მრავალფეროვან თემებზე, რომ მათი ღირებულებების და ფასეულობების ფორმირება მოხდეს. მოუყევით საინტერესო(!) ისტორიები თქვენს შეცდომებზე ან წარმატებებზე. მოუსმინეთ მათ რჩევებს, იმიტომ არა, რომ მე ვწერ აქ, მართლა მოუსმინეთ და ნუ გაგიტყდებათ თუ თქვენზე ჭკვიანი აღმოჩნდება, აღიარეთ. ეს მეგობრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ბ) უყურეთ Ted Talks-ის მსგავს სხარტ და საინტერესო სფიჩებს. სამეცნიერო ფილმებს, ძველ ვიდეოებს, ნახეთ საინტერესო ვებგვერდები, ქვიზები, ტელესკოლა, უფასო ტრენინგები და ა.შ.

გ) გააკეთებინეთ პრეზენტაციები იმაზე, რაც უკვე იციან – გამოაცდევინეთ ცოდნის სხვისთვის გადაცემის სიამოვნება და მუღამი, ასე ეზრდებათ მოტივაცია ახალი ცოდნის მიღების.

უბრალოდ კარგი მსმენელი ნორმალურ მასწავლებელზე მეტს აკეთებს მეთოდოლოგიურად. ნორმალური და კარგი მასწავლებელი ცოტა გვყავს, ამიტომ დიდი ალბათობით, თქვენ უფრო მაგარ შედეგს დადებთ თუნდაც მხოლოდ ყურადღებით მოსმენით!

დ) პირადი მაგალითი. ოო, ეს არ უნდა მეხსენებინა? კიი, ესაა მთავარი: თუ თქვენ წიგნს არ კითხულობთ და კომპს თამაშობთ, თქვენს შვილთან ვერ იქნებით დამაჯერებელი, როცა ჯოისტიკით ხელში შენიშვნას მისცემთ – წიგნი წაიკითხეო.
თქვენც მიიღეთ განათლება, მიიღეთ ახალი საინტერესო ინფორმაცია.
დრო არ გაქვთ? გამონახეთ 1 საათი დღეში და მერე თავად მოგინდებათ დროის გაზრდა.

ე) შინაარსიანად გაერთეთ. გართობას არ სჭირდება ფული, გართობას სჭირდება მეგობრობა!
ვ) დაღლილი ხართ? ბავშვებთან გართობით დასვენება საუკეთესოა.
ვერ ერთობით? ბავშვურად სცადეთ.

ბოლოს, მარკეტინგულად რომ მივუდგეთ, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია არის თქვენი შვილი და გინდათ მას განათლება მიაღებინოთ, საუკეთესო სიტუაციაში ხართ:
იდეალურად იცნობთ (თუ არ იცნობთ, თქვენი ბრალეულობაა და არა მისი),
დიდ ხანს ატარებთ მასთან და, შესაბამისად, დიდი არჩევანი გაქვთ, სწორი დრო და ფორმა მოუნახოთ განათლებაზე სასაუბროდ.

და მთლად ბოლოს, ეს პუნქტები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც თავად აღმოაჩენთ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ვერც ერთი ზოგადი რჩევა და პროგრამა ვერ იქნება ისე პროდუქტიული და ეფექტური, როგორც თქვენი ინდივიდუალური მიდგომა. მერე იქნებ თქვენც თქვენი საკუთარი სკოლა გააკეთოთ, როგორც მე გავაკეთე კრეატივის სკოლა.”