23 სექტემბერი, 2020

კონსტანტინე გამსახურდიას შედევრის საოცარი განმარტება

“ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას” – კონსტანტინე გამსახურდიას ეს ლექსი თითქმის ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ცოტას თუ უფიქრია მის მთავარ სათქმელზე.

მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია ბაბუის შედევრს საინტერესოდ განმარტავს:

“კონსტანტინე გამსახურდიას ლექსზე “ზღვისფერი გაქვს თვალები” – მის იდეურ ქარგაზე კარგა ხანია, საკუთარი მოსაზრება გამაჩნია.

ეს ლექსი, როგორც იცით, “დიდოსტატის” ტექსტში არის ჩართული და მას ვიღაც ლაზი კირითხურო მღერის. მასზე შექმნილია სიმღერაც, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ასრულებს. საბას პრემიის ერთ-ერთ წარდგენაზე კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ შექმნა მასზე კომპოზიცია, რომელიც იქ შესრულდა. მაშინ აღინიშნა, რომ ამ ლექსს “თინეიჯერული” ხასიათი აქვს.

არ ვფიქრობ, რომ ლექსი შინაარსობრივად “თინეიჯერულია”. ის უმალ რუსთველურია თავისი სულისკვეთებით. მასში აშკარად ინიციაციაა თემატიზებული, ანუ განსაცდელების გავლით ზენა, ღვთიურ საწყისთან შერწყმა, რომელიც “სატრფოს” ალეგორიითაა წარმოდგენილი; ისე, როგორც ეს ესმოდათ ქრისტიან ეზოტერიკოსებს, ებრაელ კაბალისტებს და მუსლიმ სუფიებს. ოღონდ გასაოცარი ისაა, რომ აქ “სატრფო” მიწიერიცაა და ზეციურიც – ისევე როგორც რუსთველისეული “ნისტ ანდარე ჯეჰანი” – ანუ “ის, ვინც არ არის ამქვეყნად”.

ლექსში სული ოთხივე სტიქიას გადის და ესაა მისი კათარზისიც იმავდროულად – თესვისა და ხვნის მიტოვება მიწის სტიქიაა, ადიდებული ჭოროხი და მტკვარი – წყლის. ცეცხლი ისაა, რომელიც სატრფოს მოჩვენებით სამყოფელს დაწვავს, ხოლო ილუზორულ სიყვარულს ქარი, ანუ ჰაერის სტიქია წაიღებს.

რაც შეეხება “ნაფერებ ქმარს”, რომლის მოკვლითაც მთხრობელი იმუქრება, ეს რუსთველური ხვარაზმშას რაღაცნაირი ექოსებრი გამეორებაა, ოდისეას პენელოპესეული საქმროთაგანია და განასახიერებს მხოლოდ ამქვეყნიურ ინტერესებზე მიმართულ ცნობიერებას.

ამგვარად დავიწროებულ ცნობიერებაში კი სიყვარულის ადგილი ნამდვილად აღარ არის. ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში. ეს შესაძლოა იყოს სპირიტუალურად ამოუწურავი არსი, უქმნელი ღვთიური ენერგეტიკისგან მოქსოვილი, რომელსაც ცნობიერად თუ არა, ინსტინქტურად მაინც ვეხებით ან ვჭვრეტთ. თუ ამის აღქმის უნარი საერთოდ არ გვაქვს, არც სიყვარული შეგვიძლია.

“ინიციაცია” მაშინაა სრული, თუკი ზენა, ღვთივსულიერი სამყარო განსაზღვრავს ამ გზაზე დამდგარის პატიოსნებას და წარმატებას. მისი პასუხიც არ დააყოვნებს, მხოლოდ მიწიერ პლანზე ფოკუსირებული კი ყველაფერი შესაძლოა სულ სხვაგვარად დასრულდეს: საერთოდ არც შეიმჩნიონ, რომ ჭოროხისა და მტკვრის გადამლახველი ხარ, ხვნაში და თესვაში პირველი, ქარ- და ცეცხლგამოვლილი.”