იცით ვინ იყო ჰაკი აძბას პროტოტიპი?

იცით ვინ იყო ჰაკი აძბას პროტოტიპი?მწერალმა ლეო ქიაჩელმა თავისი ნაწარმოები “ჰაკი აძბა” რეალურ პიროვნებაზე დაწერა, თუმცა რასაკვირველია, ნაშრომში ბევრი რამ შეცვალა.

თეიმურაზ გვანცელაძე:

“ძლივს მივაკვლიე ამ კაცის, უჯუშ ემხას პროტოტიპის სურათს!

ეს არის აფხაზი ოფიცერი ნიკოლოზ ემხვარი (აფხაზურად: ნიკვალა აიმხაა). იგი იყო “ველური დივიზიის” აფხაზური ასეულის პორუჩიკი.

1918 წლის თებერვალში ქალაქ ცხუმს მოადგა რუსი ბოლშევიკების კრეისერი “დაკია”, რომლის მეზღვაურებმაც წინა დღეებში გაძარცვეს ქალაქი ტრაპიზონი და სურდათ ნაძარცვის სოხუმში გასაღება. ნაპირზე გადასული მეზღვაურები ქუჩაში გადაეყარნენ ნიკოლოზ ემხვარს და მათგან ერთ-ერთმა ოქროსფერი სამხრეების მოგლეჯა დაუპირა აფხაზ ოფიცერს. ემხვარმა მოძალადე იქვე ჩაცხრილა და ქალაქიდან გაიხიზნა.

კრეისერის მეთაურებმა ქალაქის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენეს, კერძოდ:

1. უნდა დაეპატიმრებინათ და რუსებისთვის გადაეცათ ნიკოლოზ ემხვარი და მისი თანმხლები ძუძუმტე, გვარად ბადია;

2. ქალაქის საპატიმროდან უნდა გამოეშვათ დატუსაღებული კომუნისტები;

3. ქალაქში უნდა გამოცხადებულიყო საბჭოთა ხელისუფლება;

4. ქალაქს მეზღვაურებისათვის უნდა გადაეხადა დიდძალი საკომპენსაციო თანხა.

ამ დროს ნავსადგურში ჩამოდგა მეორე რუსული კრეისერი. ორივე გემმა დაბომბა ქალაქი, ხოლო “დაკია” სევასტოპოლისკენ გაემართა.

ქალაქში ამ ამბებს არეულობა მოჰყვა.

ბოლშევიკებმა გადატრიალება მოახდინეს, ციხიდან გამოუშვეს კომუნისტებიც და რეციდივისტებიც, დაურიგეს იარაღი და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება.

ამასობაში დრანდაში დაიჭირეს ემხვარი და ბადია, რომლებიც გემზე მიიყვანეს. იქ ემხვარმა კიდევ ერთი რუსი მეზღვაური გაისტუმრა საიქიოს. გაცოფებულმა რუსებმა ისიც და მისი ძუძუმტეც გემის მამოძრავებელ ორთქლის ქვაბში ჩახარშეს.

ამ ამბავმა აღაშფოთა აფხაზებიც და ქართველებიც. ხელისუფლებამ ქალაქისთავის ბენია ჩხიკვიშვილის მეთაურობით და აფხაზთა ეროვნული საბჭოს აქტიური მონაწილეობით მოახერხა სიტუაციის შემობრუნება: განდევნეს ბოლშევიკები და დაამყარეს წესრიგი…

ეს ამბავი საფუძვლად უდევს ლეო ქიაჩელის მცირე რომანს “ჰაკი აძბას”, რომელშიც მწერალმა ბევრი რამ შეცვალა. თხზულება აფხაზურ ენაზე თარგმნა პროფესორმა ხუხუტი ბღაჟბამ. თარგმანშიც ბევრი რამაა შეცვლილი… ნაწარმოები აფხაზური სკოლის მე-10 კლასის პროგრამაში იყო აფხაზეთის ომის დაწყებამდე.”