26 სექტემბერი, 2020

ის, რაც ქეთევან დედოფალზე უნდა ვიცოდეთ

მეფე თეიმურაზ I-ის დედა – ქეთევან დედოფალი ირანში შაჰ აბასმა ქრისტიანობაზე უარყოფის გამო სასტიკად აწამა.

წმინდანის შესახებ გოგა ჩანადირი საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“ლისაბონის და გრასას მონასტერში ნახავთ პანოს, რომელზეც ქეთევან დედოფლის ირანში წამებაა ასახული:

2016 წელს მისი ასლი დამზადდა და მუხრანის მამულში (ე.წ. შატო მუხრანი) გამოფინეს. ქეთევანი 1565 წელს სწორედ მუხრანში დაიბადა.

დღეს, 26 სექტემბერს ( ძვ სტ 13 სექტემბერი) მოწამე ქეთევან დედოფლის დღეა.

მეფე თეიმურაზ I-ის დედა 1624 წელს დაახლოებით 60 წლის ასაკში შირაზში აწამეს.

შაჰი აბასი მას ქრისტიანობის უარყოფასა და ისლამის მიღებას კატეგორიულად სთხოვდა. ამით ქართლ-კახეთში ისლამის ადვილად გავრცელებას გეგმავდა.

მძევლად მყოფმა დედოფალმა რჯულის გამოცვლაზე უარი თქვა. 1624 წელს ის ისე სასტიკად აწამეს, რომ მის მეგობარ პორტუგალიელ კათოლიკე მისიონერებს ცრემლი დიდხანს სდიოდათ.

პორტუგალიელებმა რამდენიმე თვეში ქეთევანის მიგდებული საფლავი აღმოაჩინეს და მისი ნაწილები გოაში, საქართველოში, იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ბელგიაში წაიღეს.

მამა ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს პირადად გადასცა დედის ნეშტის ნაწილი. ალავერდში დააბრძანეს, მაგრამ დედოფლის წამებიდან მეასე წელს, ლეკიანობის დროს დაიკარგა. ასევე, დაიკარგა თეიმურაზის მიერ რუსეთისთვის შეწირული წმინდა ნაწილიც.

გოაში 2006 წელს წმინდანის ნაწილი ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა აღმოაჩინა. მანამდე ამ ქალაქში რეზო თაბუკაშვილმა და ვაჟა ლორთქიფანიძემ ექსპედიცია მოაწყეს, რაც უშედეგოდ დასრულდა.
მეგობარმა პორტუგალიელმა მისიონერებმა ირანიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოწამე ქეთევანს ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით შექმნილი პანო მიუძღვნეს.

ეს პორტუგალიური ტრადიციაა და ასე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ამბებს გადმოსცემდნენ და კაცობრიობას უნახავდნენ.

პანო მე-20 საუკუნეში დაზიანდა და მხოლოდ წლების წინათ ქართული მხარის ჩარევით აღდგა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა მუხრანული ასლი.

პანოზე ასახულია მისიონერების ნუგეში ქეთევანის მიმართ, დედოფლის ლოცვა, სასტიკი წამების სცენა, აგრეთვე, პორტუგალიელთა სტუმრობა მეფე თეიმურაზთან და ალავერდში დასავანებელი ნაწილების მეფისთვის გადაცემის ამბავი.

პანოს პორტუგალიური წარწერები კი ასე ითარგმნება:

“ღმერთო შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში“

„პატივცემული ქალბატონი გატევანდა (ქეთევანი), საქართველოს დედოფალი, წმინდა ავგუსტინეს ორდენის სულიერი და და ქალიშვილი. ეწამა სპარსეთში, შირაზში, 1624 წლის 12 სექტემბერს.”

ქეთევან დედოფლის წამებას ევროპა გამოეხმაურა. მათ შორის ხელოვანებიც.

გერმანელმა მწერალმა ანდრეას გრიფიუსმა (იგივე გრაიფი) დაწერა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“.

ხოლო შვილმა, თეიმურაზ I-მა პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ დაწერა.

პანოს ასლის შექმნას და საქართველოში ჩამოტანას ამაგი დასდეს პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ, “მუხრანის“ მამულიდან ჟან ფედერიკ პოლსენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

გილოცავთ ქეთევანობას! განსაცვიფრებელი იყო მისი ერთგულება ქრისტეს მიმართ და ქრისტესთვის ატანილი ტანჯვის სიმძიმე.”