ილიკო და ნინო სუხიშვილები ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატები გახდნენ

ილიკო და ნინო სუხიშვილები ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატები გახდნენპროექტს „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ წლებია ახორციელებს და ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება.

მის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და კულტურული აქტივობები და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ გადაცემის ცერემონია.

დაჯილდოების ცერემონია წელს რუსთაველის გამზირზე პირველი გიმნაზიის წინ მოწყობილ ღია სცენაზე შედგა და 2017 წელს დაარსებული პრემია, რომლის წინა წლის ლაურეატებიც არიან: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მწერალი როსტომ ჩხეიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას-SOVLAB“ – წელს უკვე მეოთხედ გაიცა.

პრემიის გაცემაზე და ლაურეატის დასახელებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ფონდის სარეკომენდაციო საბჭო 9-კაციანი შემადგენლობით, რომელშიც შედიან პოეტი ლია სტურუა, ლიტერატორი და კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, პოეტი ბაღათერ არაბული, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, დრამატურგი და პოეტი ნინო სადღობელაშვილი, რეჟისორი გიორგი სავანელი, დეკანოზი და კაპელანი გიორგი წეროძე. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ 2020 წელს გადაეცათ ილიკო და ნინო სუხიშვილებს.

ილიკო და ნინო სუხიშვილები ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატები გახდნენ

დაჯილდოების შემდეგ კი წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელი. მონაწილე მსახიობები: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, ვაკო კობერიძე, ლაშა ჩხვიმიანი, გიორგი გურული, თამარ ადამია, ნინა ჯაოშვილი, თორნიკე ჩიხლაძე.)

დასკვნითი ნაწილი გაიმართა თბილისის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზატორების ინიციატივის – ილიას დღე – ღია ცის ქვეშ ეგიდით.