28 სექტემბერი, 2020

გურამ რჩეულიშვილის “ალავერდობა”

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მწერალ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა “ალავერდობა” რეალურ ამბავზეა დაწერილი – მან ალავერდობაზე ცხენი გაიტაცა და ლეკები მოსაკლავადაც კი გაეკიდნენ.

24 წლის გურამ რჩეულიშვილის დაწერილი ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ამავე სახელწოდების არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო, სადაც მთავარი როლი მწერლის სიძეს, დის ქმარს – გეიდარ ფალავანდიშვილს ათამაშა.

პოეტმა, კრიტიკოსმა და მთარგმნელმა ანდრო ბუაჩიძემ გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობას“ საინტერესო განხილვა მიუძღვნა:

“ერთ მწერალს უთქვამს, მე რასაც ოცნებით წარმოვისახავ, გურამ რჩეულიშვილი იმას რეალობაში ახორციელებსო. გურამი დგამდა სპექტაკლებს, რომლის მთავარი გმირიც თვითონვე იყო. ამის დასტურად ნებისმიერი მოთხრობა შეიძლება წამოტივტივდეს მეხსიერებაში…

…გურამ რჩეულიშვილის “ალავერდობის” მთავარი პერსონაჟი თვითონ გურამია. ეს არის ინტელიგენტი კაცი, რომელსაც ღირებულებათა თავისი სკალა, თავისი სულიერ-ინტელექტუალური ორიენტაცია გააჩნია. გურამი კონკრეტულ დროსა და სივრცეში ცხოვრობს – XX საუკუნის 50-იანი წლების საქართველოში. ეს არის ტოტალიტარიზმის მარწუხებში მოქცეული, რთული ბედისა და წარსულის მქონე ქვეყანა. გურამს ისტორიის წვდომისას მართლაც ერთი მიზანი ამოძრავებს: „გაზომოს ის უტეხი ენერგია, რომელიც სდუღდა ძველ საქართველოში“. ათვლის წერტილი „ძველი საქართველოა“. ამ ენერგიას კი იმიტომ „ზომავს“, რომ მის თანადროულ ვითარებას შეუთანადოს და გაიგოს: ხომ არ დაირღვა „დროთა კავშირი“? ხომ არ დაიძენძა ერის ერთიანი სხეული? ხომ არ დაიშრიტა ენერგია?
ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მწერალს სურს ქვეყნის დაკარგული მაჯისცემა მოსინჯოს…

…მოთხრობა თვითრეფლექსიაა, გურამი არა მხოლოდ ზეწოლას ახდენს საკუთარ თავზე (ექსტრემალურ ვითარებასაც ქმნის), არამედ აკვირდება კიდეც საკუთარ თავში აღძრულ განწყობას და განცდას. ეს ერთგვარი თვითდაკვირვებაა, ინტროსპექცია, რომლის მეშვეობითაც ისტორიის ჭვრეტა უნდა გამომზეურდეს.
„ალავერდობის“ – მთავარი გმირი „ყოფნის“ ადამიანია, „ექსისტენციური“ ტიპის მოაზროვნე და მოქმედი კაცია…

მთავარი გმირი არ სჯერდება იმ ფაქტობრივ ცოდნას, რომელიც მას ალავერდობის შესახებ გააჩნია. ამიტომაც გადაწყვეტს მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ქრისტიანული დღესასწაული საკუთარი თვალით იხილოს.

…გურამ რჩეულიშვილს არა მხოლოდ ეცოტავება ეს ხელშესახები ისტორიული სივრცე, არამედ მის შიგნით მოძრავი ხალხის მიმართ პროტესტის გრძნობაც უჩნდება… დგება მოთხრობის კულმინაციური მომენტი: აღიძვრება წარმოსახვა, დგება ცოცხალი ისტორიის წვდომის ექსტაზური წუთები ალავერდის ლავგარდანზე…

მას საკუთარ თავში დაჰქონდა ეს უკვე მომხდარი დრამა. მან მას შემდეგ დაწერა „ალავერდობა“, რაც რეალობაში გათამაშდა ეს დრამა – ალავერდობაზე ცხენი გაიტაცა და ლეკები მოსაკლავადაც კი გამოეკიდნენ, მაგრამ იმთავითვე ჩანს, რომ მწერალი ამის საამბობლად არ აღძრულა, უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ რას ფიქრობდა, რას გრძნობდა და რას განიცდიდა, რატომ ავარდა ალავერდის გუმბათზე და რა დაინახა „შინაგანი თვალით“ ამ გადასახედიდან.

…კიდევ ერთხელ მინდა გამოვკვეთო: „ალავერდობაში“ კონკრეტული, ხელშესახები სათქმელი ძევს: „ცოცხალი“ ისტორიას ის შეიგრძნობს, ვინც თვითონ არის აღსავსე სიცოცხლის ცხოველმყოფელი, შემოქმედებითი მადლით ანუ ინტენსიური შინაგანი ცხოვრებით. გურამი ყოველივე ამას ასე გამოთქვამს: „ ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.

ალავერდის ტაძარში და მის შემოგარენში ისტორიის შეცნობის დრამა გათამაშდა. ამ სივრცეში გურამმა (მოთხრობის გმირმა) იხილა და შეიცნო ის, რისი ხილვა, შეცნობა და გაგება ჩვეულებრივ არ ხდება.

„მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას, ალვებში მწყობრად ინთება სინათლეები“ („ალავერდობა“).

…მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით, მართლაც „ცხელ კვალზეა“ დაწერილი (ქვეშ მინაწერი აქვს: 1959 წლის 28 სექტემბრის ღამე. თელავი).”