გოდერძი ჩოხელის სასწაული

გოდერძი ჩოხელის სასწაულიმწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებითა და არსებობით ყველაზე გულრწფელი შემოქმედი იყო.

თიკუნა ბეკოშვილი ხელოვანთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ისტორიას იხსენებს:

“ჩემი სადიპლომო ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ იყო და ამ ფილმის გადაღებას ახლდა ერთი საინტერესო ამბავი:

გადაღებისთვის, ცხადია, ფინანსები მჭირდებოდა და კულტურის სამინისტროში განცხადება შევიტანე, 2000 ლარს ვითხოვდი ფილმის გადაღებისთვის. სამინისტროდან პასუხი მომივიდა, 2000 ლარი არ გვაქვსო. ახლა კი ვუგებ იმ ადამიანებს, ფული რომ არ მომცეს და არ მენდნენ, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი. მახსოვს, Facebook-ზე დავწერე, გოდერძი ჩოხელისთვის 2000 ლარი ვერ გამონახეს-მეთქი.

იმ პერიოდში, ხშირად დავდიოდი გოდერძის საფლავზე, იქ ვწერდი და ვმუშაობდი ფილმისთვის. მაშინაც ავედი და მახსოვს, ვესაუბრებოდი – გოდერძი, შენზე ხომ უნდა გადავიღო ფილმი და ცოტა შენც დამეხმარე-მეთქი. იქვე, საფლავზე ვიყავი, Facebook-ზე რომ შევიჭყიტე და ჩემს პოსტზე სრულიად უცნობი ადამიანის კომენტარი დამხვდა – „ამ ფილმს მე ვაფინანსებ.“ ეს ადამიანი აღმოჩნდა ასმათ ჩიტაური, რომელიც გუდამაყრის ხეობიდანაა, ამერიკაში ცხოვრობს და გოდერძის დიდი მოტრფიალეა. უცნობ ადამიანს მენდო, ფილმი დააფინანსა და პრემიერისთვის, ამერიკიდანაც ჩამოვიდა.

გადაღებების შეჩერებაც კი მომიწია, ზუსტად მაგ დროს თურქეთში ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ იქიდან დაბრუნებული, ერთ კვირაში გუდამაყრის მთებში დავდიოდი და ნაოპერაციევი თვალით ფილმს ვიღებდი. გადაღებების ნახევარი კარგად არ მახსოვს, იმდენად დაბალი მხედველობა მქონდა მაშინ. რესპონდენტების სახეებს ერთი მეტრის მანძილზე ვერ ვარჩევდი, ოპერატორ გიგი ჯობავასა და გოდერძი ჩოხელის მეგობარს, მწერალ ნინო ზედელაშვილს, ხელჩაკიდებული დავყავდი. ყველაფრის მიუხედავად, პირობა შევასრულე და მაინც გადავიღეთ ეს ფილმი, რომელიც მე ძალიან მიყვარს.”