19 სექტემბერი, 2020

გივი სიხარულიძის აღსარება

მსახიობი, მოცეკვავე, მწერალი და პოეტი გივი სიხარულიძე ირწმუნება, რომ გულმართალი კაცია და ყოველთვის სიმართლეს ამბობს.

სიმართლე და აღსარებაა მისი ეს ლექსიც “სიყვარულმა ჩამოთოვა”, რომელიც საყვარელ თბილისს მიუძღვნა და დედაქალაქს სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა:

“თბილისური ჯიგრითა ვარ გაბრწყინებული,
სანთელი ვარ, თბილისურად მე ანთებული,
ჩემ თბილისზე სიყვარულით გაგიჟებული,
ხანძარი ვარ, მე გრძნობების ალმოდებული.

თაფლის სკა ვარ, მეტეხის მთას დაკიდებული,
მე სიტკბო ვარ, სკიდან ფიჭად ამოღებული,
თბილისური ეშხითა ვარ განათებული
და მთვარე ვარ მტკვარს დაირად ჩაკიდებული.

გორგასალის ხოხობი ვარ, გაცოცხლებული,
ჩემ თბილისის სილამაზით გაოგნებული,
გოზინაყად ქცეული და ჩახოხბებული
და უისროდ შენ ქუჩებში გაგორებული.

მე ზვავი ვარ, მთის წვერიდან დაგორებული,
და თბილისო, შენს კალთაში ჩაგორებული,
ავაზა ვარ, შენი ეშხით გაცოფებული,
დურაჯი ვარ, შენზე ფიქრით გზააბნეული.

ალვის ხე ვარ, შემოდგომის შეციებული,
ფოთლებისგან დაცლილი და გატიტვლებული,
შეყვარებულ აკაციას დაცილებული,
მახინჯი ვარ, მისგან უკვე დაწუნებული.

გაზაფხულზე აფეთქებულ-აყვავებული,
ტაბახმელის ნიავისგან აღზევებული,
თბილისისგან გულში მაგრად ჩახუტებული,
აკაციის სიყვარულში გახუნებული.

მე ია ვარ, ვარდზე მაგრად შეყვარებული,
შენს ქუჩებში გაზრდილი და გალაღებული,
ღამის წყვდიადს დამძვრალი და განათებული,
ცისარტყელა ცის კამარას გაბრწყინებული.

დარდი-მანდი თბილის ქალაქს დაბადებული,
ოჯალეშთან, ხვანჭკარასთან შეზავებული,
აშუღი ვარ, შენზე ფიქრით გზააბნეული,
“ბროშკასავით” ვარ შენს მკერდზე მე დაბნეული.

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ამ ქალაქის ფიგარო ვარ,
და სომხები იძახიან, ჯიგაროჯან, ვორდეღ, ოვა,
ვიცი მალე დაზამთრდება და თბილისში თოვლი მოვა,
ქუჩებს გაამზეურებენ ვახტანგ, ნინო, ყობო, ვოვა,
თოვლის ნაცვლად ჩემ თბილისში სიყვარულმა ჩამოთოვა.”