10 სექტემბერი, 2020

გიორგი შავგულიძის და ლიზა ვაჩნაძის უცნობი ისტორია

მსახიობების გიორგი შავგულიძის და ლიზა ვაჩნაძის ცხოვრება ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. წყვილმა ერთად ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა ყველა განსაცდელს ვაჟკაცურად გაუძლო.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გაჭირვებაში მცხოვრებ მსახიობებს ტყუპი შვილებიდან ერთ-ერთი სწორედ სიდუხჭირის გამო გარდაეცვალათ.

დრამა მათ ცხოვრებას მუდმივად თან სდევდა – 1959 წლის 13 აპრილს მსახიობი გიორგი შავგულიძე ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 48 წლის ასაკში გარდაიცვალა:

“იმ საბედისწერო დღეს, როცა თბილისში, პლეხანოვის გამზირზე გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა, პირქვედამხობილი მისი ზორბა სხეული ხალხმა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა, საყვარელ შემოქმედს ნაადრევი ცრემლი დააფრქვია, მაგრამ მათ არანაკლებ ეცოდებოდათ მძღოლი, რომელიც კედელს თავს ახლიდა და ბღაოდა.
ეს მოხდა ცხოვრების სცენაზე, სადაც მსახიობი უგრიმოდ იყო და მაყურებელი – უთეატროდ…” – წერდა პოეტი ოთარ მამფორია.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ლიზა ვაჩნაძე სცენაზე აღარ დამდგარა. მან საყვარელ პროფესიაზე უარი თქვა.
გიორგი შავგულიძემ კი საყვარელ მეუღლეს დღიურში განსაკუთრებული ჩანაწერი დაუტოვა:

“როცა მოვკვდები, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იცოდე, რომ უეჭველად მეც ფრინველად ვიქცევი. მე და პატარა ბეღურა ერთად მოგიკაკუნებთ, შენ სარკმელი გააღე და ხშირად მოგინახულებთ.”