გია მურღულიას საუკეთესო რჩევა

გია მურღულიას საუკეთესო რჩევაფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია საუკეთესო რჩევას აძლევს ყველას, ვინც მასწავლებლის პროფესია აირჩია და საუკეთესო მოსწავლეების აღზრდა სურს:

“ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მოსწავლეებს უნდა ასწავლოს კაცმა, სწორედ ეს არის, ამ ძველ იგავში რომ წერია:

“ერთხელ მეფემ სამეფო კარის დიდებულთა გამოცდა გადაწყვიტა – აინტერესებდა, ვინ შეძლებდა მის სამეფოში მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას. მრავალი ძლევამოსილი და ბრძენი ადამიანი ეახლა მეფეს.

– ბრძენნო, – მიმართა მათ, – მე თქვენთვის რთული დავალება მაქვს. მინდა გავიგო, თქვენ შორის ვინ შეძლებს მის შესრულებას.

მან ისინი ისეთ უზარმაზარ კართან მიიყვანა, რომ მსგავსი აქამდე არავის ენახა.

– იმ კართა შორის, რომლებიც აქამდე ჩემს სამეფოში ყოფილა, ეს ყველაზე დიდი და მძიმეა. ვინ შეძლებს მის გაღებას? – იკითხა მეფემ.

ზოგიერთმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ისინი, ვინც ბრძენკაცებად მიიჩნეოდნენ, კარს მიუახლოვდნენ, შეათვალიერეს და გამოტყდნენ, რომ მის გაღებას ვერ შეძლებდნენ. რაკი ბრძენებმა აღიარეს, სხვებიც დაეთანხმნენ, რომ კარის გაღება ძალიან ძნელი იყო.

მხოლოდ ერთი კაცი მივიდა კართან, ყურადღებით დაათვალიერა, ხელით შეეხო. მისი დაძვრა სცადა და ბოლოს ხელი ჰკრა.

ჰოი, საოცრებავ! კარი უბრალოდ მიხურული ყოფილა და არა – ჩაკეტილი. ამის შესამოწმებლად მხოლოდ სურვილი იყო საჭირო, გაბედული მოქმედებისათვის კი – სიმამაცე. მაშინ მეფემ ბრძანა:

– შენ სასახლის კარზე თანამდებობას იმიტომ მიიღებ, რომ მხოლოდ იმას არ სჯერდები, რასაც ხედავ და გესმის – შენ საკუთარი ძალის იმედიც გაქვს და არ გეშინია, სცადო.”

სხვა ყველაფერთან ერთად, თუ არ ასწავლი, რომ შეცნობის ბოლო ნაბიჯი მოქმედებაა, ისე მასწავლებელი არ გქვია.

საკუთარი თავის რწმენა და იმედი, რაც გაბედულებასა და ცხოვრების მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შიშის დაძლევას განასახიერებს, დიდად განსხვავდება ამპარტავნებისგან.

ახალ სამყაროს მხოლოდ ასეთი ადამიანები ქმნიან.

დაავალეთ და აცადეთ, სცადონ!”