3 სექტემბერი, 2020

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტი გაიმართა

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმის შემდეგ, კონცერტი თბილისში გამართა და ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირ ეთერში ათასობით მაყურებელს მისცა მისი ნახვის საშუალება.

საღამოში მონაწილეობა მიიღო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტებმა ლიზა ჩხაიძემ და ელენე შავერზაშვილმა.

გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

– განსაკუთრებულ და უჩვეულო პირობებში იმართება წელს ჩვენი ტრადიციული ფესტივალი „ღამის სერენადები“. ცოცხალი მუსიკის განუმეორებელი განცდა, მსმენელის წამახალისელებელი აპლოდისმენტები – ამ ჩვეულ ატმოსფეროს მოკლებულია წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოები.

მიუხედავად ამისა, უაღრესად მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ახლდება მუსიკალური საკონცერტო სიცოცხლე. ტელევიზიის და სოციალური ქსელების საშუალებით, ლაივ-ტრანსლაციებით ფართო აუდიტორიას, მეტ მსმენელს, მათ შორის საზღვარგარეთ უცხოელ მუსიკის მოყვარულებს ეძლევათ საშუალება, ასე ვთქვათ ვირტუალურად დაესწრონ ჩვენს კონცერტებს.

სასიხარულოა რომ, გახსნითი კონცერტის პირდაპირმა ტრანსლაციამ აჭარის ტელევიზიის ეთერით ბათუმიდან, მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც აგრეთვე ადასტურებს სოციალურ ქსელებში გასული ლაივ-ტრანსლაციების ათასობით ნახვა.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა განსაკუთრებული შემოქმედებითი წამოწყებებით. ფესტივალისთვის შეიქმნა ქართველი კომპოზიტორების მნიშვნელოვანი ახალი ნაწარმოებები: ჩვენი გამოჩენილი კომპოზიტორის, დიდი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენლის, გიორგი შავერზაშვილის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტი და უნიჭიერესი ახალგაზრდა კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. აგრეთვე შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები: ვახტანგ მაჭავარიანის კონცერტინო და ჯიმშერ ჩხაიძის „სენტიმენტები“ ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის.

ფესტივალის თბილისურ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა ნიჭიერმა სოლისტებმა, პიანისტებმა სანდრო ნებიერიძემ, ელენე შავერზაშვილმა, ლიზა ჩხაიძემ – ისინი ჩვენი მომავლის იმედის მატარებლები არიან.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენ გთავაზობთ საინტერესო, ჟანრობრივად მრავალფეროვან უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური მუსიკის შედევრებს. პირველად საქართველოში შესრულდა სიბელიუსის „რაკასტავა, სიყვარულის სუიტა“ და აგრეთვე იანაჩეკის „სუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის“.

მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის დამფუძნებელს უნიკალურ მუსიკოსს ლიანა ისაკაძეს, მისი ფასდაუდებელი ღვაწლისათვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში.

მადლობას ვუხდი ფესტივალის თითოეულ მონაწილეს და საორგანიზაციო ჯგუფის წევრს. მადლობა ფესტივალის მთავარ დირიჟორს, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს. ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“.

ვახტანგ მაჭავარიანი

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

– საწყენია, რომ ფესტივალს წელს არ ჰყავს პუბლიკა, მაგრამ ჩვენ მაინც მხნედ ვართ. მიხარია, რომ ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონები ლიზა ჩხაიძე და ელენე შავერზაშვილი მონაწილეობენ წლევანდელ ფესტივალში და ასევე ახალგაზრდა უნიჭიერესი კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე. მადლობა ორკესტრს, ასეთი გულით და სულით მუშაობისთვის. კმყოფილი ვარ ორკესტრით და იმედია სიხარული და სიამოვნება მივანიჭეთ მსმენელს.

გიორგი შავერზაშვილი, კომპოზიტორი:

– უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლიანა ისაკაძეს ამ ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფესტივალის დაარსებისთვის. დიდი მადლობა სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს და მთავარ დირიჟორს ვახტანგ მაჭავარიანს. ფესტივალის მენეჯმენტს – ქალბატონებს ნინა ცაგარელს, თათა სადრაძეს და ნონა ლოლუას. განსაკუთრებული მადლობა კამერულ ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“, რომლებმაც საკმაოდ მოკლე დროში მშვენივრად გაართვეს თავი ამ მრავალფეროვან რეპერტუარს, რომელიც შესრულდა დღევანდელ კონცერტზე.

პირადად ჩემთვის დღევანდელი კონცერტი ორმაგად იყო მღელვარე, რადგანაც  პირველად შესრულდა ჩემი საფორტეპიანო კონცერტი N4 და ის შეასრულა ჩემმა შვილმა ელენემ, რომელსაც ეძღვნება ეს ნაწარმოები.

დღევანდელმა კონცერტმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და მინდა მადლიერება გამოვხატო კონცერტის  ყველა მონაწილის მიმართ. ვულოცავ ყველა სოლისტს, ორკესტრს და მაესტროს. აგრეთვე ვუსურვებ ფესტივალს დასკვნითი კონცერტის დიდი წარმატებით ჩატარებას.

ჯიმშერ ჩხაიძე, კომპოზიტორი:

– ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში გაჟღერდა ჩემი კომპოზიცია “სენტიმენტები” არაჩვეულებრივი კამერული ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზების” მიერ. არანაკლები პატივია ისიც, რომ ჩემს ნაწარმოებს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა უდირიჟორა. საქართველოში მისი პრემიერა შედგა – პირველად აღჟღერდა, რადგან ინგოლშტადში შესრულდა პირველად.

ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ნინა ცაგარელი

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი  ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2;  TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge