16 სექტემბერი, 2020

გალაკტიონ ტაბიძე ტიციან ტაბიძეზე

გალაკტიონ ტაბიძე 2 წლით უფროსი იყო ტიციანზე. პოეზიის მეფის დღიურში მასზე ასეთი ჩანაწერი არსებობს:

„ორი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენ ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე, ხვილიფი და მეფის ჭალა. ყველა ამ ადგილებში დაგვყვებოდა ტატია და სრულებითა არა ესმოდა რა. ვეტყოდი თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს მიყურებდა, რომ როგორმე გაეგო თუ რა ვუთხარი. აი, ჩვენ გაღმა ფშანია:

– ტატია, ტატია, ტატია ბიჭო, – შევძახე, უეცრად ადგილიდან არ დაიძრა.

მე საშინლად ავღელდი, ბორბლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა მწვანე გველი, რომ დავინახე გავცივდი, ტატიას ხელი ჩავავლე, გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით…

– ტატია, ხედავ გველი, – ჩუმად ვეუბნები მას, – შეხედე როგორ მისრიალებს.
– სად? სად? ვერ ვხედავ!
– როგორ ვერ ხედავ, აგერ გველი, ბიჭო, შეხედე!

ტატია გაჩუმებული იდგა, მე გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ვერ ხედავდა გველს ამოდენა უზარმაზარი თვალებით!
– სადაა, სად?! – მეკითხება ტატია და კიდევ უფართოვდება თვალები.
– პირდაპირ… ვერ ხედავ… ხედავ როგორ მიცოცავს?
– სად არის მგელი, სად? – ამბობს ტატია…

როცა გველი მიიმალა, ორივენი დავჩუმდით, უეცრად ტატია მოსწყდა ადგილიდან და შარაგზისკენ გაეშურა ყვირილით:
– მგელი, მგელი, მგელი!
დავედევნე და ვეუბნები:
– ბიჭო, რის მგელი, რა გაყვირებს, გველი იყო და არა მგელი!

ტატია მაინც გარბოდა და მთელი სოფელი დააყენა ფეხზე: ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი შეშინებული იმით, რომ სოფელს მგლების ხროვა შემოესია…

ბიჭო, სადაა მგელი; გაიძახოდა სოფელი და რიონის ჭალისაკენ გარბოდა ყვირილითა და ძახილით, რათა დაეფრთხო მგელი… ეს კორიანტელი სულ ტატიამ ატეხა“.

1927 წელს ტიციან ტაბიძემ თავის გალაკტიონს ასეთი ლექსი უძღვნა:

“ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით…
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს…”