2 სექტემბერი, 2020

ერეკლე მეფის დაკარგული ხმალი

ერეკლე მეორის ცხოვრების ეპიზოდებიდან ბევრი ისტორიაა საინტერესო, თუმცა ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მეფის ხმლის შესახებ ისტორიას გაგვაცნობს:

“ინდოეთში ლაშქრობისას ნადირ-შაჰს თან ჰყავდა თეიმურაზ მეორის 19 წლის შვილი, შემდგომში მეფე ერეკლე მეორე, რომელიც ქართულ ლაშქარს ედგა სათავეში.

მისმა მამაცურმა ბრძოლამ შაჰი აღაფრთოვანა და ბატონიშვილს მადლიერების ნიშნად ნადავლიდან უძვირფასესი თვლებით მოჭედილი ხმალი აჩუქა.

ერეკლე მეორე საჩუქარს სიციცხლის ბოლომდე ინახავდა. გარდაცვალების შემდეგ კი მის შვილს, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ალექსანდრე ბატონიშვილს ერგო.

ის 1844 წელს ირანში გარდაიცვალა და თეირანის სომხური ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ამის შემდეგ ხმლის კვალი ირანში დაიკარგა.

როგორც ირანისტი პროფესორი მაგალი თოდუა გადმოგვცემს, ხმალი 1971 წელს თეირანში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

ამბავი საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ელჩმა ირანში ვლადიმირ ეროფეევმა შეიტყო და მოთავეებს აუქციონის გადადება სთხოვა, რათა ვაჭრობაში მონაწილეობის საშუალება საბჭოთა მხარესაც შესძლებოდა.

ელჩს ის გათვლა ჰქონდა, რომ სწორედ იმ დღეებში ირანში სამეცნიერო მივლინებით ქართვლი პროფესორი უნდა ჩასულიყო, რომელიც ხმლის ნამდვილობაში დარწმუნდებოდა, შემდეგ საქართველოს ცეკას პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს აუქციონზე მონაწილეობით დააინტერესებდა და ნივთს საქართველოში დააბრუნებდა.

საბოლოოდ, მაგალი თოდუამ ხმლის შეძენის იდეით, თბილისში დარეკა, მაგრამ საქმე ვერ გამოვიდა. ხმალი კი პორტუგალიელმა ღვთისმსახურებმა იყიდეს და და როგორც ირკვევა, ლისაბონის მუზეუმს გადასცეს.

ასე დავკარგეთ ისტორია.

ამ ამბიდან 1 წელიწადში ვასილ მჟავანაძის ადგილი ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა.
დაკარგული ხმლის ისტორია კი პირველად გიორგი კალანდიამ გამოაქვეყნა.

ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ლეკებისა და მათი ბელადის მალაჩის დამარცხების აღსანიშნავად ნადირ-შაჰმა ერეკლეს კიდევ ერთი ხმალი აჩუქა. საბედნიეროდ, ის ჩვენთან არის და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. მისი ზუსტი ასლი კი გოჩა ლაღიძემ 2009 წელს დაამზადა.

წელს ერეკლეს 300 წლის იუბილეა.
სამწუხაროდ, მისი ძვირფასი ხმლის გარეშე აღვნიშნავთ.
ამ მძიმე ფაქტმა ის მაინც უნდა გვასწავლოს, რომ ჩვენს ისტორიას მეტი გულითადობით მოვეპყროთ.”