9 სექტემბერი, 2020

დათა თავაძე: “სასწრაფოდ გვიპასუხეთ!”

რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე საჯაროდ აპროტესტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დუმილს და ღია ღონისძიებების აკრძალვას არ მიესალმება:

“ღია ღონისძიებებიც აიკრძალა.

და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ ჩუმადაა. მგონი, არც კი იციან ამის შესახებ. ის, როგორც წარმართავთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან, არის სულ მცირე არაპროფესიონალური და უარეს შემთხვევაში უბრალოდ სამარცხვინო ბოროტება და დანაშაული! აღმაშფოთებელია და უკვე აღარაფერში აღარ წერია ეს.

ვინ ხართ მანდ?
ვინ დაგსვათ მანდ, ან რა ნიშნით?
დაელაპარაკეთ, ხალხს.
აიღეთ ხელში პასუხისმგებლობა…

კულტურა დააყენეს ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და კაზონოების დონეზე და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავთ.

სასწრაფოდ გვიპასუხეთ ყველა კითხვაზე, სასწრაფოდ შექმენით დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის მხარდაჭერის გეგმა, დაუყოვნებლივ მოიფიქრეთ, როგორ ამოუდგებით მხარში იმ მენეჯერებს, რომლებსაც საბანკო სესხები აქვთ აღებული პროექტების გასახორციელებლად თქვენი დაპირებების გამო, უკვე პროცენტები ემატება მათ სესხებს (აქამდე თუ რაღაც შეღავათით სარგებლობდნენ ეგეც დამთავრდა). წლების საქმე გადაეყარათ წყალში, იმიტომ რომ არაკომპეტენტურები ხარ და წარმოდგენა არა გაქვთ, როგორ უნდა ადაპტირდნენ დაწესებულებები ამ გარემოებაზე. წარმოდგენა კი არ გაქვთ, იმიტომ რომ დიალოგს, როგორც ასეთს, არ ცნობთ და არ აღიარებთ!

სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს თანხები, რომ არტისტებმა ალტერნატიული გზების გამონახვა შეძლონ და გამოიყენონ სხვადასხვა ტექნოლოგიები მუშაობის გასაგრძელებლად.

ახალ კლასტერებს კაფე-ბარების, რესტორნების სახელები რომ ჰქვია, 8 საათი გადაძეძგილი მატარებელით რომ ვმგზავრობთ და ეს არ წარმოადგენს პრობლემას, პრაქტიკულად აღარსად სიცხეს რომ აღარ გიზომავენ და ორ დღეში 90-მდე შემთხვევა რომ გვაქვს, მხოლოდ კულტურას ეხება რატომღაც გამკაცრებული რეგულაციები?! იმ სივრცეებს, სადაც ისედაც, ტრადიციულადაც, არაერთი შეზღუდვა მოქმედებდა?

სახელოვნებო დარბაზები, ბევრად უსაფრთხო სივრცეებია, ვიდრე რესტორნები და სავაჭრო ცენტრები!
ისე ჩატარდა არაერთი სპექტაკლი, ფესტივალი, კინო-ჩვენება და მუსიკალური კონცერტი, გამოფენა, ლიტერატურული ფესტივალი ღია ცის ქვეშ მთელი ზაფხულის მანძილზე, ერთი გადაცდენაც არ ყოფილა რეგულაციების შესრულების მხრივ და მიუხედავად ამისა, მაინც კულტურა ისჯება პირველ რიგში!

ამიტომ, მოვითხოვთ, ყველა დადგენილი რეგულაციის გათვალისწინებით, გაიხსნას კინოთეატრები და თეატრები და ზოგადად, ყველა კულტურული დაწესებულება, დათქმულ დროს!”