7 სექტემბერი, 2020

ალენ დელონი სასამართლოში

მსოფლიო ვარსკვლავის ალენ დელონის უფლებების დამცველები სასამართლოში აწარმოებენ საქმეს მსახიობისა და მისი უკანონო შვილის ქრისტიან აარონ (არი) ბულონ-პაფგენს შორის. ის ამჟამად ოფიციალურად მხოლოდ დედის გვარს ატარებს. მისი დედა ქრისტა პაფგენი – გერმანელი როკ მუსიკოსი იყო ცნობილი საესტრადო ფსევდონიმით “ნიკო”.

აარონმა ქალაქ ორლეანის სასამართლოში შეიტანა საჩივარი, თუმცა ამ ქალაქის სასამართლომ თავი არაკომპეტენტურად სცნო და საქმე წარმოებისათვის შვეიცარიაში გადაგზავნა. ალენ დელონის ადვოკატების განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მოპასუხე ცხოვრების დიდ ნაწილს შვეიცარიაში ატარებს და ნაკლებ დროს მამულ დუშიში (საფრანგეთში).

როგორც აარონ პაფგენის ადვოკატმა განმარტა, ეს დროის გაყვანის ერთგვარი ტაქტიკაა და მას ალენ დელონი თავის სასარგებლოდ იყენებს. შვეიცარიაში საქმის გადატანა მსახიობისთვის კიდევ იმით არის მომგებიანი, რომ აარონის დედა გერმანელი იყო, დელონს შეუძლია საქმის გერმანული კანონებით განხილვაც მოითხოვოს, რაც საქმის დახურვას ბევრად გააიოლებს.

ალენ დელონის ადვოკატები იმასაც განმარტავენ, რომ მსახიობი 1984 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს, 1999 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 2010 წლიდან გადასახადებსაც იხდის, ამიტომ ლოგიკურია, რომ საქმის წარმოება შვეიცარიაში მიმდინარეობდეს.

გაასაჩივრებს თუ არა ორლეანის სასამართლოს გადაწყვეტილებას არის პაფგენი თუ შვეიცარიაში გააგრძელებს სასამართლო დავას, ამ ეტაპზე უცნობია.