აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო ისტორია თბილისზე

აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო ისტორია თბილისზემწერალ აკა მორჩილაძის ისტორიები თუ ნაწარმოებები ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის ნაწარმოებიდან „მორიდებული ზურმუხტი“, რომელიც საქართველოს ორი ქალაქის – თბილისისა და ფოთის საინტერესო ისტორიაზეა:

„ცხრა წელიწადი გასულიყო, რაც იმპერატორს საგანგებო ბრძანებით გადაერქმია სახელები ქალაქებისთვის და ამაში დახლართული აზრი ჩაეტანებინა. ფოთისთვის მას თბილისი დაერქმია და თბილისისთვის კი ფოთი. მიზეზი ამისა იყო მრავალმარყუჟიანი და მახვილგონიერი.

ძველი წიგნების კითხვისას იმპერატორს აღმოეჩინა თავისი დიდპაპის, მეფის ირაკლის და რუსთა იმპერატორის, ეკატერინას მიმოწერა, იმას თანდართულ ძველ ქაღალდებში კი ეკატერინას თხოვნა რომელიღაც თავისი მდივანბეგისადმი, იბერთა მეფე ერეკლეს წერილი უნდა მივწერო და ერთი კარგად გამარკვიეთ, იმის სატახტო ქალაქი თბილისი შავი ზღვის პირას მდებარეობს თუ კასპიისაო. ამ შეკითხვაზედ ქართველს ყოველთვის გაეცინებოდა, რახან თქმულია, რომ თბილისი ორ ზღვას შუა ადგილზე ძევს, მაგრამ იმპერატორი კი ამ წანაკითხმა დიდ ხალისობაზე მოიყვანა.

რახან ფოთი უპირველესი ნავსადგურია ქვეყნისა და იმავ დროს კი უძველესი ფაზისი ელინთაგან ტორდაკრული და თან ყოველი უცხოელი ჯერ აქ შემოდის, რატომ არ უნდა ეგონოს იმას, რომ შემოდის დედაქალაქში, რომლის შესახებაც ბევრად მეტი წაუკითხავს აქ ჩამოსვლამდე, ვიდრე საკუთრივ ფოთის თაობაზეო. ხოლო თბილისს კი დავარქვათ ფოთი, რითაც ჩვენს ძველ ისტორიას და დიდ არგონავტიკას მივანიშნებთ მოსულებსო.

ეს კვიმატი აზრი იყო, რახან ბევრს არაფერს ცვლიდა საქვეყნო ამბავში და დასაბუთებაც აკლდა. საქვეყნო სარგებელი რა ჰქონდა, გარდა ძველ თბილისელთა, აწ ფოთელთა გულში შავის ბალღამის კიდევ ერთჯერ ჩაწვეთებისა, ძნელი სათქმელია და ასე გასინჯეთ, რომ იმპერატორმა რუკებიც კი დაუკვეთა ამ ცვლილებებითა და შესაბამისი კანონიც გამოსცა დილეგის მუქარით, თუკი ვინმე, სახალხოდ, ძველებურად მოიხსენიებდა ამ ქალაქებს.

არსი ამ ამბისა კი ის ნამდვილად არ იყო, რაც სახალხოდ გამოაცხადეს. არსი იყო, რომ თბილელთა ფრონდიორობისთვის ერთი კარგა წამოერტყა თავში და დაენახვებინა, რასაც მინდა, იმას გიზამთ, გინდა ზღვისპირ დაგსვამთ, გინდა უდაბნოდ გაქცევთო.

ამაზე მაშინ ამბავიც კი იყო ატეხილი, მაგრამ მერე მიკნავლებულიყო, როგორც ყოველი.

ჰოდა, შემორჩა.

საქართველოს დედაქალაქი არის ფოთიო, თბილისი კი არის ნავსადგურიო.

სკოლის წიგნებშიც ასე ჩააწერინა.”