10 სექტემბერი, 2020

12 სექტემბერი – დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია – განახლებული ფორმატით

ყოველწლიური პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელსაც საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებენ, წელს უკვე მეშვიდე წელია იმართება.

მისი ფორმატი და დაგეგმილი ღონისძიებები ყოველწლიურად იცვლება, ერთადერთი უცვლელი აქტივობაა მსვლელობა სიონიდან მთაწმინდის პანთეონამდე, სადაც აუდიტორია სიმბოლურად ფეხით გადის იმ გზას, რა გზითაც ილია 1907 წელს უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველობამ – წელს ეს აქტივობა 12:30 საათზე სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება.

14:00 საათზე მთაწმინდის პანთეონში შედგება პუბლიცისტის, მწერლისა და ჟურნალისტის იოსებ ჭუმბურიძის ახალი წიგნის „ილია, ანუ დიდი ანალოგოსი“ პრეზენტაცია.

19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ, ღია სცენაზე გაიმართება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოთი „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ დაჯილდოების ცერემონია, სადაც გახდება ცნობილი ვინ იქნება პრემიის წლევანდელი ლაურეატი.

ხოლო შემდეგ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ილიას ცხოვრება და მკვლელობა. ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელი).

პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო თეატრი, მეღვინეობა „შუმი“, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა „პუბლიკა“ და პორტალი „კვირა.ჯი“.

ღონისძიებებზე დასწრება როგორც ყოველთვის თავისუფალია.