წალკაში გვიანი შუა საუკუნეების სამარხები დაანგრიეს

წალკაში გვიანი შუა საუკუნეების სამარხები დაანგრიესწალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა.

არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი წალკაში განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა:

“დღევანდელი ამბავია – წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა.
წალკაში გაზი გაყავთ და მრავალმხრივ სასიხარულო ფაქტია. ჯერ ერთი, ამ უტყეო რეგიონის მოსახლეობას გაუადვილებს არა მხოლოდ გაუსაძლისი ზამთრის გადატანას და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოსახერხებელს გახდის. მეორეს მხრივ, ტყე გადარჩება მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, რამდენაც წალკას ტყის შესაბამისი მასივები არ გააჩნია.

თუმცა, ამ შესანიშნავ საქმეს ჩრდილიც აქვს. მშენებლებს არ აქვთ პროექტი შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რამაც არქეოლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა და ნაწილი დააზიანა კიდეც.

მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი, დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ეს სამაროვანი ქვის წარწერიანი სტელებითაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.
მშენებლები შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს.

წალკის მუნიციპალიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის – არქეოლოგიური ძეგლები ზიანდება გზის და წყლის გაყვანის დროსაც. გამკითხავი კი არავინ ჩანს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველა ფაქტზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო კომპანიები აგრძელებენ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურებას.

საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცავდეს კონსტიტუციას და კანონს. დამრღვევებმა კი პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ქვეყნის წინაშე.”