10 აგვისტო, 2020

თეატრალურიდან ორჯერ გარიცხული ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძის განსაკუთრებული მოგონებაალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მსახიობი ზურა ყიფშიძე თეატრალურიდან ორჯერ გააგდეს.

მისი ცხოვრების ეს ეტაპი რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა გაიხსენა:

“ზურა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს დოდო ალექსიძესთან, პარალელურად პირველ კომკავშირელის როლს თამაშობს შოთა მანაგაძის “წუთისოფელში”, აცდენს ლექციებს, ისედაც მოუსვენარი ვინმეა. ამას ემატება ის, რომ ლენას ბიჭია. არტისტების შვილებს თეატრალურ ინტიტუტში კარტბლანში ჰქონდათ და აქვთ, ზურასთვის ყველაფერი პირიქითაა, მტრობენ დედამისთან ერთად. თეატრალურ ინსტიტუტის რექტორი დედა-შვილს იბარებს.

“ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო, თვითონ ლენას ფაქტორი აღიზიანებდათ, თვლიდნენ რომ ლენას უნდოდა რომ მე მსახიობი გამოვსულიყავი, ამ დროს არავის არაფერი არ უნდოდა, მე მინდოდა, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, თავისთავად.

თავაძე იყო მაშინ რექტორი, კაგებეს პოლკოვნიკი, გვეჩხუბა, შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, რას აკეთებს კაცმა არ იცის, დაანებოს თავი ინსტიტუტს, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო, მახსოვს ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე.

გამომაგდეს ინსტიტუტიდან. არ ვიცი, ჩემი ბრალიც იყო, მოსუვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს, არც ვიცოდი რა არის ეს საქმე. მეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო და არც უბრალოდ კინოში გადაღება, გაიხედე მარცხნივ, გაიხედე მარჯვნივ… გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა ისევ კინო, “როცა აყვავდა ნუშის” გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები, ალბათ არც წავიდოდი მოსკოვში, მიხეილ ივანიჩთან ძალიან კარგად ვიყავი.”

რექტორატმა ზურა მეორედაც გამოაგდო ინსტიტუტიდან, სამაგიეროდ ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში “როცა აყვავდა ნუში”. დედა, რომელსაც გზა გადაუკეტეს კინოში, ვერ ეუბნება შვილს – კინო არ გინდა, ლექციებზე იარეო. მეტიც, სადღაც გულის სიღმეში უხარია კიდეც, რომ მისი ბიჭისთვის მაინც არის ღია კინოს კარი. მერე რა, რომ მეორედ გამოახურინეს თეატრალური ინსტიტუტის კარი. დედა გრძნობს – შვილს წინ დიდება და პოპულარობა ელის. გრძნობს შვილიც.

“მეორედაც რომ გამომაგდეს თეატრალურიდან, ნუგზარ ბაგრატიონმა მითხრა, კინოს გულისთვის გაგრიცხეს და ბარემ მოსკოვში კინოს ინსტიტუტში ჩააბარე, გერასიმოვს აჰყავს ჯგუფიო. მართლაც, წავედი მოსკოვში, “გიკში” ჩასაბარებლად. ჩემ მოსკოვურ საგამოცდო ციებ-ცხელებაზე ჩემმა ძმაკაცმა შოთიკო მშვენიერაძემ დაწერა პოემა “ზურალენასტყაოსანი” არსად დაბეჭდილა დღემდე”

ფრაგმენტები პოემიდან

“იყო სახალხო არტისტი ლენა ვასილის ასული
ერთი ძე ჰყავდა ზურაბი, ბიჭი სიმაღლედ წასული,
დედას რომ შვილი უყვარდეს, არ არის გასაკვირველი,
მაგრამ მიჰყევით ამბავს, მოხდება გასაკვირველი.
დავიწყებთ ამბავს თავიდან, თუმც არა, რათა თავიდან,
როცა ზურიკო მოსკოვში სწავლას შეუდგა თავიდან.
მოაჯდნენ ზურა და ლენა თვითმფრინავს ცაში მფრინავსა,
სულ ორ საათში ჩაფრინდნენ, “ტუ” ჰგავდა ცხენსა მფრინავსა.
ინსტიტუტში შესვლისთანვე ლენას გაჰყვა დიდი ჯარი
იქვე ატყდა მითქმა-მოთქმა, ქალებს ჰქონდათ თურმე ჯავრი,
კონკურენტად მოგვევლინა საქართველოდანო ქალი,
ულამაზესი ვინმეა, სახელად ერქმევა დალი.
ანაზდად ლენამ გახედა, რუსაპეტებს მიაბოლა.
ნეტა მართლა ვაბარებდე, მიაყარა მათ ქოქოლა.
გერასიმოვამდე მისვლა არ ჩათვალოთ თქვენ ადვილად.
სერგეი პრივეტ ია ზდეს, ლენამ ჩაურთო რუსულად.
შეფმა ახედა, უყურა, მოეწონა მას ნამდვილად
თქვენი ბიჭი გამოდგება, უპასუხა მან ქართულად…”

ზურას ძმაკაცის პოემაში გარითმულად, იუმორითაა აღწერილი გამოცდებისა და გამოცდებშუა ქეიფების ამბებიც და პროზაული ფინალიც – ისტორიის გამოცდაში ჩაჭრა. ზურა ბოლო გამოცდაზე – ისტორიის გამოცდაზე ფლავდება.

“ბოლო გამოცდაში ჩავიჭერით 4 კაცი. მარჯანიშვილის თეატრს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, ავდექი და გავყევი დედაჩემს. მე, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ლაფერაძე, ივიკო მახარაძე დავქრივართ, არის ერთი ამბავი.
უცებ, ლენინგრადში, ვერიკო ანჯაფარიძეს დაურეკა თამარა მაკაროვამ, აუხსნა მდგომარეობა, 4 კაციო, რომელიც მოგვწონდა უცბად ჩაჭრესო, ჯგუფს ვერ ვკრავთ, ერთ-ერთი ჩაჭრილი ქართველი ბიჭია გვარად ყიფშიძე, დედა მსახიობი ჰყავსო. ვერიკომ უთხრა, კი, ლენას ბიჭია, აქ არის ჩვენთან ლენინგრადშიო. მაკაროვამ სთხოვა, შენი ჭირიმე, გადაეცი, ჩამოვიდეს 1 სექტემბერს, “კარტოშკაზე” უნდა წავიდესო.

მოკლედ, ოთხივეს რაღაც პერიოდი მოგვცეს გამოცდის ჩასაბარებლად, რაღაცეები ძალათ წაგვაკითხეს და ჩაგვაბარებინეს, მანამდე კი პოდმოსკოვიეში კარტოშკაზე გვამუშავეს ერთი თვე.”

ზურა გიკის სტუდენტი ხდება, თბილისურ ორიანებს მოსკოვური ხუთიანები ცვლის, ლენა, რომელსაც შვილთან ერთად სათოხარში წასვლას ურჩევდნენ ამაყადაა – მისი ზურიკო წარმატებული, გერასიმოვის საყვარელი სტუდენტია. თბილისურ თეატრალურ ელიტაში კი ქირქილებენ, რომ ლენას თავქარიან ბიჭს მალე იქიდანაც გამოაგდებენ. ზურას კი არავინ არ აგდებს, პირიქით გერასიმოვი თავის ფილმში იღებს და წარმატებით გადადის მეორე კურსზე.”