29 აგვისტო, 2020

საოცარი მიძღვნა ექვთიმე თაყაიშვილს

ქართული საგანძურის მცველს, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველმა მსახიობმა და მწერალმა ქართლოს კასრაძემ ლექსი მიუძღვნა:

“მიდის გემი და თან მიაქვს სევდა, არდავიწყება,
მიდის გემი და ქართულ განძს მეგანძური მიჰყვება!
საით მიხვალ, სადაური, უკვდავების მეტივევ?
შე საწყალო ბერიკაცო, შე საწყალო ექვთიმე!
გურიის მთებს ელვამ დაჰკრა, ლიხაურის ქარია…
თოლიების კრიმანჭული რატომ არ გიხარია?
გოგუაძის ჯავშნოსანზე ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი მე.
გრიგალივით ცეცხლს აფრქვევდა, შენ გიცავდა, ექვთიმე!
ცრემლში ბრწყინავს საქართველო, მარად ანდამატური,
შორით მოჩანს საფრანგეთის სანაპირო ზღაპრული…
ქართულ განძის საკეტური არც ვის გააღებინე,
შე უძლურო, გმირთა-გმირო, ამირანო ექვთიმე!
შენს წინაა პარიზი და ფუფუნების აფრები,
„ოლიმპია“, „ბოლო ბერჟერ“, „მულენ რუჟის“ ზღაპრები!
ითვლი გროშებს, რაც გამოგყვა, ფრანკებსა და სანტიმებს…
ასეთ ტვირთით საშიშია, არ გაგჩხრიკონ, ექვთიმე!
ბოლოს განძი გაიტანე, გაიცინე ლაღადა,
უდიდესმა განსაცდელმა მსახიობიც გაგხადა…
არ გითქვია საბაჟოსთვის: – „ერთი შენ და ერთი მე!“
უმდიდრესო, უპოვარო, შენ ღმერთკაცო ექვთიმე…
ხან გესტაპოს დაემალე, ხან ჯაშუშთა სამყაროს –
სთქვი, ზედ განძზე გეძინა თუ არც გეძინა არასდროს?
ერთი დიდი საიდუმლო არც ვის გააგებინე.
კერძს ნატრობდი? საოცარო, სალოცავო ექვთიმე…
ეკლიანი გვირგვინი გხვდა, მარად გვემახსოვრება,
დასთმე ცოლი, შენი ნინო, უმდიდრესი ცხოვრება.
ხომ შეგეძლო, რომ გეცხოვრა ბედნიერს და ნებიერს,
მაგრამ შენი საქართველო თავს გერჩივნა, ექვთიმე!
როცა ზურგი შეაქციე პარიზსა და საფრანგეთს,
შენს თბილისში ქართველურად ბორკილები დაგადეს…
ვაი, როგორ ვერ გიშველეთ! ვაი, როგორ გვეტკინე,
დიდებულო ერისკაცო, ღვთაებრივო ექვთიმე!
შენი ღვაწლი მისხალ-მისხალ შენგან გადახდილია,
ჭავჭავაძის კაცი იყავ, – აღარ გყავდა ილია!
საქართველოს სამსხვერპლოზე დროშად გადაეფინე,
სულიწმინდით მოგზავნილო, ღვთაებრივო ექვთიმე!
ცრემლიც რომ ვერ შეგიმშრალეთ, ისე გამოგვეტირე,
ქართველ ბიჭებს ქედზე ედოთ შენი კუბო, ექვთიმე!
რა ვიცოდი, ლექსის ნაცვლად თუ გიწერდი რექვიემს,
შე საწყალო, შე მოკვდავო, შე უკვდავო ექვთიმე!”