29 აგვისტო, 2020

სანდრო ახმეტელის სიყვარულისთვის დასჯილი თამარ წულუკიძე

სანდრო ახმეტელის სიყვარულისთვის დასჯილი თამარ წულუკიძემსახიობ თამარ წულუკიძისთვის მთელი ცხოვრება სასტიკ სასჯელად იქცა. თუმცა განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მისთვის სანდრო ახმეტელის ცოლობა, გადასახლება და ერთადერთი შვილის გარდაცვალება გახდა.

თამარ წულუკიძე 17 წლით უმცროსი იყო სანდრო ახმეტელზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია წყვილის დაქორწინებისთვის. ისინი არაერთ წინააღმდეგობას გაუმკლავდნენ, მაგრამ ხანმოკლე თანაცხოვრება მოასწრეს.

როდესაც რეჟისორმა მსახიობი აღმოაჩინა, იგი უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ულამაზესი თამარი ჯერ რეჟისორის რჩეული მსახიობი გახდა, შემდეგ კი – მისი მეუღლე. საუბედუროდ, მათი ბედნიერება მალევე დასრულდა – 1936 წლის 19 ნოემბერს ახმეტელი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. რეჟისორის 222-დღიანი წამება განაჩენის აღსრულებით დამთავრდა, თუმცა მანამდე წამებისგან დაუძლურებული ახმეტელი რუსთაველის თეატრის წინ ღია მანქანით ჩაატარეს, რომ ყველას კარგად დაენახა და დაემახსოვრებინა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერს”.

თამარ წულუკიძე მხოლოდ 34 წლის იყო, როცა 10-წლიანი გადასახლება მიუსაჯეს. მსახიობისა და რეჟისორის ერთადერთი შვილი – სანდრო, რომელიც მამის სეხნია იყო და მოფერებით სანდის ეძახდნენ, მშობლების გარეშე დარჩა. ბიჭი გასაზრდელად რეჟისორის დამ წაიყვანა. სამწუხაროდ, სანდი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამარ წულუკიძეს ნება დართეს შვილის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოსულიყო. როგორც ამბობენ, სამგზავრო თანხა იქ მყოფმა პატიმარმა ქალებმა შეუგროვეს. უბედური დედა საქართველოსკენ გამოემართა, მაგრამ ერთადერთი შვილი წინა დღის დაკრძალული დახვდა და გარდაცვლილიც ვერ ნახა.

“მძაგს ჩემი თავი იმიტომ, რომ სანდის შემდეგ ცოცხალი ვარ,” – ეუბნებოდა მეგობრებს მსახიობი.

როდესაც თამარ წულუკიძე გადასახლებიდან დაბრუნდა, რუსთაველის თეატრში დოდო ალექსიძესთან მიიწვიეს. ერთ-ერთ სპექტაკლში, სადაც დედის როლს ასრულებდა, მისი პერსონაჟი შვილს – საშას ეძებს. მსახიობი სცენაზე გამოვიდა და ხმამაღლა დაიძახა – საშა, სად ხარ, საშა!

წარმოდგენის ამ სცენაზე დარბაზში მყოფმა მაყურებელმა იტირა, რადგან საშას სანდრო ახმეტელს ეძახდნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი, მსახიობს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

თამარ წულუკიძემ ამ დღის შესახებ თავის დღიურში ასეთი ცანაწერი გააკეთა:

„თუ სადმე ხარ საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად. გაქრა და ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა ჩვენმა სიყვარულმა.”