საბედისწერო დღე ილია ჭავჭავაძისთვის

საბედისწერო დღე ილია ჭავჭავაძისთვისმწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში აღმოჩნდა ერთი საბედისწერო დღე, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა.

ამ ამბავს გაზეთი “ისარი” პირველი სექტემბრის ნომერში ასე გამოეხმაურა:

“საგურამოდან თბილისში 27 აგვისტოს, დილით წავიდნენ. ბატონმა დაიბარა, ხვალვე ჩამოვალო. არ ჩამოვიდა, მაგრამ შემოთვალა, ხუთშაბათს, დილით მოვდივარ, წიწამურის წყაროსთან მოურავი დამხვდეს, იქ გლეხებთან რაღაც მაქვს გასარკვევიო.

გათენდა ხუთშაბათი, მთელი სახლი დასახვედრად ემზადება. უკვე 10 საათია, მეფუტკრე დანიელ მასლოვი ბაღიდან გამოვიდა და ხედავს, რომ მოურავის ცხენი ჯერ ისევ შეუკაზმავია. მიმოიხედა და შემჩნია, რომ დიმიტრი ჯაში კაკლის ხეზეა ასული და კრეფს. დანიელმა შეახსენა:

– დიმიტრი სოფრომიჩ, უკვე 10 საათია, ბატონს უნდა შეხვდეთ, არ დაგაგვიანდეთ.

– ჰო, წავალ, წავალ, – გადმოსძახა ჯაშმა, მაგრამ კაკლის კრეფა გააგრძელა.

მასლოვმა 10 წუთის შემდეგ კიდევ შეახსენა, პასუხი იგივე მიიღო და ისევ ვერ შეატყო აჩქარება. ეჭვი შეეპარა, მესამეჯერაც დაუძახა. ჩამოვიდა ჯაში კაკლიდან, შეჯდა ცხენზე და წავიდა.

დანიელის ეჭვი გამართლდა. 30 წუთის შემდეგ ჯაშმა უკან მოაჭენა ცხენი, ფერმკრთალი და დაბნეული იყო. ყვიროდა:

– ნუ აღელდებით, უბედურება მოხდა, ილია მოკლეს!

***

30 მარიამობის თვე.

მოკლულს მკერდი ბერდანის ტყვიით აქვს შენგრეული, ხოლო შუბლი – კონდახის ცემით. მისი მხლებელი ტყვიითა განგმირული, მეუღლე მხეცურადაა ნაცემი და არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ მოკლულს დაუძახია:

– რას შვრებით, ქართველებოო? – და რევოლვერი ამოუღია.

გადარჩა მხოლოდ მეეტლე, რომელიც ისეა შეშინებული, რომ მთელი შემთხვევის წარმოდგენა შეუძლებელია. მისი ჩვენებით ოთხი კაცი დახვდათ თეთრ ჩოხებში გამოწყობილი და აფიცრის ეპოლეტებიანი, რუსულად ლაპარაკობდნენ, ცნობით ვერავინ ვიცანიო. მოკლულნი სულ გაძარცვულნი იყვნენ. გაქრა პალტო, პიჯაკი, ოქროს საათი და ოქროს სათვალე, საფულე-ქისა და პატარა ბოხჩა, სადაც მოკლული საბუთებსა და ქაღალდებს ინახავდა. მოკლულებისთვის ჩექმებიც კი გაუხდიათ. გაქრა აგრეთვე რევოლვერები, რომლებიც ორივე მოკლულს ჰქონდა.

არ გასულა 15 წუთი, რომ მოურავი სამის სტრაჟნიკის თანხლებით შემთხვევით მისულა ბოროტმოქმედების ადგილზე. დაჭრილი ქალი გასისახლიანებულ ეტლში ჩაუსვამთ, მოკლულნი კი შემთხვევით მომავალ ურემზე დაუსვენებიათ და ისე წაუღიათ საგურამოში.

საკვირველია, სტრაჟნიკებისა და ადგილობრივი პოლიციის მოქმედება, 15-20 წამის შემდეგ მივიდნენ შემთხვევის ადგილას და არავითარი ღონისძიება არ მიუღიათ. ურიადნიკმა თქვა: – поскакаль туди, поскакаль суди! იქვე, სამი ვერსტის მანძილზე, ყაზახების პოსტია გამართული და არაფერი გაუკეთებიათ. არც საკვირველია: ილია ჭავჭავაძე სტრაჟნიკი არა ყოფილა.”