22 აგვისტო, 2020

მათხოვრად ქცეული ეროსი მანჯგალაძე

თეატრისა და კინოს მსახიობის ეროსი მანჯგალაძის ნიჭიერებაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.

“არტ ინფო” ამჯერად მსახიობის გულკეთილობაზე მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდზე გიამბობთ:

ეროსი მანჯგალაძეს ფეხით სიარული ძალიან უყვარდა და თბილისის ქუჩებში მისი ნახვა საკმაოდ ხშირად იყო შესაძლებელი.

რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც მსახიობი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და მანეთიანს უდებდა ქუდში.

ერთხელ, როდესაც ხელოვანი რუსთაველის თეატრში მიდიოდა, კვლავ ჩაუარა ცნობილ მათხოვარს და ჯიბეში ხელი ჩაიყო მანეთიანის ამოსაღებად, თუმცა აღმოაჩინა, რომ საფულე სახლში დარჩენოდა.

ეროსი მანჯგალაძემ გამოსავალი მალევე იპოვნა, ჩანთიდან “კავკასიური ცარცის წრის” მთავარი გმირის – მოსამართლე აზდაკის ქული ამოიღო და მათხოვრის ადგილი დაიკავა, თან აზლაკის ფრაზას გაიძახოდა:

– ქრთამს ვიღებ, ქრთამს ვიღებო…

ქუჩაში მოსიარულეებმა იცნეს მსახიობი და მის ქუდში ფული დაუნანებლად ჩაყარეს. ეროსი მანჯგალაძის ქუდი რამდენიმე წუთში გაივსო.

მსახიობმა თავის ქუდში მოგროვილი ფული მთლიანად მათხოვრის ქუდში გადაყარა და ღიმილით უთხრა:

– აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო.

შემდეგ კი წამოდგა და გზა თეატრისკენ განაგრძო.