13 აგვისტო, 2020

მარო მაყაშვილის და პაოლო იაშვილის უცნობი ისტორია

19 თებერვალი - საბედისწერო დღე მარო მაყაშვილის ცხოვრებაშიპოეტ პაოლო იაშვილისა და ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის ისტორია ბევრისთვის უცნობია.

ისინი ერთმანეთს პირველად ნუცა ჩხეიძის გასტროლის დროს – “მარგარიტა გოტიეს” სპექტაკლზე შეხვდნენ.
შეხვედრა მარო მაყაშვილმა თავის დღიურში აღწერა:

“პირველი მოქმედება რომ გათავდა, დავსეირნობდით. უცბათ… ოჰ, სისხლი ამივარდა თავში, ჩვენ წინ გაიარა პაულო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დაუკარი მას თავი. პაულომ შეამჩნია, რომ მას ხან აუვლიდით, ხან ჩაუვლიდით და ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა. ესე ყოველ ანტრაქტზედ. მეოთხეთ რომ გამოვედით კორიდორებში, ყველანი ერთად ვსეირნობდით. ბოლოს ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაულო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარი, და ჩვეულებრივ მათთან ნინა მაყაშვილი. მე ვდგევარ და ვწითლდები და ყველანი მე მიყურებენ…

პაულო ჰკითხამს ჩემზედ, ვინ არის ესო, ნინა მაყშვილმა – ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო. “კოტესი”, გაუკვირდათ და ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება, პაულომაც. მე გავწითლდი და გავიქეცი…

წარმოდგენა რომ გათავდა, საშინელი წვიმა მოვიდა. თეატრის კარებებში ყველანი ვიდექით. უცბათ ვიღაცის ძალა ვიგრძენ, მივიხედე და ჩემ პირდაპირ პაულო სდგას და მიყურებს. უცბათ დააბნელეს ისე, რომ სულ არავის ვხედავდით და მერე გაანათეს. ჩემ გვერდით ის იდგა…

სახლში მივედით. დიდხანს ვერ დავიძინე. მისი თვალები წინ მედგა…

“ორდას” და “საბანეევას” კონცერტზე ვიყავით… უცბათ შევეტაკე პაულო იაშვილს. ძალიან და ძალიან გამიკვირდა და თანაც გული ამიკანკალდა. იმან მიცნო და მე რომ შევკრთი, შენიშნა და გაიღიმა… ოჰ, რასა ვგრძნობდი მაშინ? უყურებდით და გვიყურებდა, ვიცინოდით და იცინოდა. ბედმა გამიღიმა მაშინ. ძალიან კარგი იყო იმ საღამოს…

ლელი ჯაფარიძე დამპირდა, პაულოს გაგაცნობთო. მე ველი…”