28 აგვისტო, 2020

კახი კავსაძე ბელა მირიანაშვილზე

მსახიობი კახი კავსაძე დღემდე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი საუბრობს მეუღლეზე – ბელა მირიანაშვილზე, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე გარდაიცვალა:

“ამბობენ, ადამიანებს სიკვდილის წინათგრძნობა აქვთო და ამის მჯერა. ჩემმა ცოლმა ბოლო სიტყვები რუსულად მითხრა: “ასტავ მენია ვპაკოე, ნე ლიშაი ბლაჟენსტვა”.

ჩემი ცოლი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გარდაიცვალა, დაიძინა და წავიდა. ძალიან მისუსტებული იყო და მინდოდა გამერთო, რაღაცას ველაპარაკებოდი, ვართობდი ჩემი ჭკუით. მითხრა, “ია ჩუსტვუიუ სუბსტანციუ”, არა გრცხვენია, როგორ გეკადრება, რეებს ლაპარაკობ-მეთქი, ისევ დავიქოქე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. უცბად “ასტავ მენია ვპაკოიეო”, მითხრა და გავჩუმდი.

მივხვდი, რომ მიდიოდა. არადა ჩემი აქტიურობით ხელს ვუშლიდი, მინდოდა, მდგომარეობიდან გამომეყვანა, მაგრამ თავი დამანებეო, ბელამ მითხრა. ვერც კი მივხვდი, როდის წავიდა. პულსი ჰქონდა ძალიან ნელი. ვიცი, რომ როცა ადამიანი მიდის, ყვირილი და წივილი მას გარდაცვალებაში ხელს უშლის.

ნოდარ დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოყოლილი. ერთხელ მოვკვდიო, მითხრა, ჩემმა ცოლმა დაიწყო კივილი, თავი არ მქონდა, თორემ ისე ჩავცხებდი თავშიო, რომ მეორედ აღარ ამოეღო ხმაო.

როცა ადამიანი მიდის, დაწრეტილი არ არის და ხმამაღალი კივილი მას აწუხებს. როცა ორგანიზმი დაიწრიტება, დაკარგავს გონებას და ფიზიკაც აღარ არის, მერე შეგიძლია, ხმა ამოიღო და რაღაც თქვა. ბელასთან დიდხანს ჩუმად ვიჯექი. მერე გამოვედი და ვთქვი, რომ ბელა გარდაიცვალა. ასეთი რაღაცეები რომ არსებობს, განა სასწაული არ არის? თუმცა ხანდახან უფრო მგონია, რომ ამაში განსაკუთრებული და სასწაული არაფერია. მთავარია, ადამიანმა სწორად განსაზღვროს ყველაფერი და მეტად გააანალიზოს სიტუაცია.

როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ორმოცი არ გვქონდა ჯერ გადახდილი. ორმოცის რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ვიჯექი და აქტიურად ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. უცბად ისეთი ნივთი გადმოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელია. უნდა გადმოაყირავო კარადა, რომ ის ნივთი იქიდან გადმოვარდეს. გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა.

ხმამაღლა დავუძახე, -ბელა, აქა ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბად ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. როცა მაშინ იყო, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა.

არის რაღაცეები, რაც კიდევ არაერთხელ მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს და მისი ყველას უნდა გვჯეროდეს. უფლის ძალიან მჯერა, მჯერა რას ჰქვია, ყველა ასე უნდა იყოს. ჩემი ცოლი იტყოდა ხოლმე, ისეთი რთული ორგანიზმი, ისეთი რთული ფიზიკა, ისეთი რთული ნაწილი სამყაროსი, როგორიც ადამიანია, როგორ შეიძლება სულ გაქრესო.

მართლაც, ამოდენა ენერგია როგორ შეიძლება, რომ გაქრეს? ის ფიზიკურად ქრება, თორემ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ცოცხალი იყო, ასე უკვალოდ გაქრეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოვრებას მერეც აგრძელებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.”