იცით როგორ დაიწერა „მთაწმინდის მთვარე“?

იცით როგორ დაიწერა „მთაწმინდის მთვარე“?გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსს “მთაწმინდის მთვარე” შექმნის ორიგინალური ისტორია აქვს.
ამბავი გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა მეორე ტომშია მოთხრობილი.

გალაკტიონ ტაბიძესთან დაახლოებული პირები ფატი ნიშნიანიძე და გიორგი ჩიქობავა ფლობდნენ ცნობებს „მთაწმინდის მთვარის“ დაწერის გარემოებებზე. ისინი თავიანთ ჩანაწერებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით იმეორებენ პოეტის ნაამბობს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გალაკტიონი ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობის მისაღებად ფოთში ჩავიდა.

მან ღამე გიორგი ქუჩიშვილთან ერთად ერთ ოთახში გაათია. ღამის სიბნელეში გალაკტიონი ააღელვა ქალის სიმღერამ, თუმცა არსებობს მეორე ვერსია – იგი გრამაფონზე მრავალგზის განმეორებულმა სიმღერამ ააღელვა, რომელიც მომაკვდავ გედს ეძღვნებოდა.

სწორედ ამ შთაბეჭდილებით გალაკტიონმა იმ ღამეს ლექსი „გედის სიმღერა“ დაწერა. ლექსი პოეტმა ერთ-ერთ შეკრებაზეწაიკითხა, რომელსაც აკაკი წერეთელიც ესწრებოდა. სამწუხაროდ, ეს ლექსი გალაკტიონმა დაკარგა.

„მე ამ პრინციპზე დავწერე მეორე ლექსი, რომელიც თითქმის იგივე „გედის სიმღერაა“, გადაკეთებული „მთაწმინდის მთვარედ“, – ასე იხსენებდა ამ ამბავს თავად გალაკტიონი.

რეალურია თუ არა ეს ამბავი, ალბათ საკამათოა, მაგრამ არსებობს გიორგი ქუჩიშვილის მიერ გალაკტიონ ტაბიძისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც მან წარსული – სწორედ ფოთი და სწორედ „გედის სიკვდილი“ გაიხსენა.