10 აგვისტო, 2020

ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული წერილი ოლღა გურამიშვილს

ოლღა გურამიშვილის საიდუმლო წერილიილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულზე დღემდე ბევრს საუბრობენ. შთამომავლობას შემორჩა მათი წერილები, რომლებიც მათ განსაკუთრებულ სიყვარულში კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ.

“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა:

“ჩემო კუკლუშკი!!!

უნდა იცოდე, რომ განძრახ შენს წყენას, შენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ, იმიტომ, რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ. არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებ ხოლმე. ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის, რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვინმეს, მე თითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სულიერად ვიტანჯები ხოლმე. ასე მგონია, რომ გული გავიუპატიურე, როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი. ეს მართალი გრძნობაა, რომელიც კატასავით არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.

ამ სახით, ჩემო კარგო ოლიკოჯან, ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე, რომ თუ მოღრუბლულსა მხედავ ჩემს უგემურ ხასიათს მიაწერე და არა იმას, რომ შენს ბედნიერებას გულგრილად ვექცევი. ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე, ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება, რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს, ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი, – უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა; შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ, გულს მიკლავ ხოლმე.

ესეც იცოდე, ჩემო საყვარელო კუკლუკი, რომ როცა მაგისთანები მესმის შენგან, ის დღე ჩემთვის სიკვდილია. ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ; და, აბა, სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი, რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს; რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე, მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ, რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ.

თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე, როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი. შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე, ეგ უნდა მაპატიო და შემინდო, იმიტომ, რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა.

ერთი სიტყვით, შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემს უმადურ, მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას, რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს. აბა, დაფიქრდი, ჩემო კარგო და გულადო მეგობარო, ისეთი რა უნდა მაწყენინო, რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?! შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ, მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ, რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი…”