19 აგვისტო, 2020

ილია ჭავჭავაძის და ეკატერინე გაბაშვილის ისტორია

ქალთა უფლებების დამცველი ეკატერინე გაბაშვილიპედაგოგი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი ეკატერინე გაბაშვილი თავის ჩანაწერებში განსაკუთრებულად ილია ჭავჭავაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებდა:

“ილიამ რომ ყოველდღიური „ივერიის“ გამოცემა დაიწყო, რამდენჯერმე შევიტანე რედაქციაში მოთხრობა, ლექსი ან რაიმე აზრი საზოგადო მოვლენათა შესახებ, მაგრამ მთელი ორი წლის განმავლობაში არ დამიბეჭდეს. მინდოდა მიზეზი გამეგო, მაგრამ თავმოყვარეობა ნებას არ მაძლევდა, არადა ქალებიც სულ მეკითხებოდნენ სიჩუმის მიზეზს და არ ვიცოდი რა მეთქვა, ალბათ ღირსი არ ვიყავი და ამის გამო გული მტკიოდა.

ერთხელ ოლღა გურამიშვილთან შევიარე რაღაც საქმის გამო, ვისარგებლე შემთხვევთ და მას ვთხოვე, ეკითხა ბატონ ილიასთვის, რა იყო მიზეზი ლიტერატურიდან ჩემი ასეთი განაპირებისა.

მაბნევდა ის გარემოება, რომ, ადრე, როცა „ივერია“ ჟურნალი იყო, უპრობლემოდ იბეჭდებოდა. არასოდეს ილია წინააღმდეგი არ ყოფილა.

ოლღამ, სადილზე გვეწვიე და თვითონ ჰკითხეო.

მივედი მეორე დღეს სადილზე. ისე ძალიან ვნერვიულობდი სუფრასთან, რომ ოლღას გულუხვი შეთავაზებების მიუხედავად ვერაფრით გამეხსნა კრიჭა. ბოლოს, როცა სუფრა აალაგეს და ყავა ჩამოარიგეს, ძალა მოვიკრიბე და შევხედე ილიას.

როგორც ვატყობდი ილიასაც ეძნელებოდა სიმართლის თქმა, მაგრამ აუცილებლად უნდა თქმულიყო. ილიამ თავისებური მკვეთრი ხმით მითხრა:

– მე ველოდი რომ თქვენ გააგრძელებდით თქვენგნით არჩეულს გზას წერისას გლეხთა ცხოვრებიდან. მოგიწონესთ, მწერლობაში თქვენი საკუთარი ალაგი დაიჭირეთ, მომბაძველებიც კი გამოგიჩნდნენ და ეს ალაგი საპატიოც იყო თქვენთვის, თქვენი ნიჭის ძალისთვის და საკმარისიც. სხვა მიმართულების წერისთვის თქვენი კალამი, ჩემის აზრით, სუსტი იქნება და უმნიშვნელო… მე გირჩევთ, ნაცად გზას არ ასცდეთ.

ილიას მოკლე განაჩენმა გული გამიპო. სიტყვა დამაჯერებელი და ნათელი იყო. როგორც ყოველთვის მისი სიტყვა… მე უძლური აღმოვჩნდი ჭეშმარიტი რჩევის ასასრულებლად.”