28 აგვისტო, 2020

“ღამის სერენადები” ბათუმში გაიხსნა

"ღამის სერენადები" ბათუმში გაიხსნა

ფესტივალი “ღამის სერენადები” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში მე-12-ედ გაიხსნა.

ფესტივალის პირველ საკონცერტო საღამოში მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა თათა ლიჩელმა და გია ყანჩელის სახელობის კვარტეტმა.

კონცერტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

გიორგი ისაკაძე – “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

– მართალია დიდ სირთულეებს წავაწყდით ფესტივალის ორგანიზებისას, რამდენჯერმე მოგვიხდა პროგრამის გადამუშავება და ცვლილება, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ფესტივალი მაინც შედგა.

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ შედგა უცხოელი ვარსკვლავების ჩვეული მოწვევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდოდა არ დარღვეულიყო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელმა მუსიკოსმა ლიანა ისაკაძემ თავისი მთელი შემოქმედებითი იმპულსით.

არ დავიშურეთ ძალისხმევა, რომ არ გაგვეცრუებინა მოლოდინი ჩვენი ერთგული მსმენელისთვის. წლევანდელ ფესტივალზე წარვსდგებით უნიჭიერეს ქართველ მუსიკოსებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდება, თუ რა დიდი შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია ჩვენ სამშობლოს.

სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის შეიქმნა ქართველი კომპოზიტორების შესანიშნავი ნაწარმოებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სათანადო ადგილს დაიკავებენ ქართულ მუსიკალურ საგანძურში. მათი პრემიერა შედგება ფესტივალის თბილისურ საღამოებზე 2 და 4 სექტემბერს. მადლობა კომპოზიტორებს გიორგი შავერზაშვილს და სანდრო ნებიერიძეს.

წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შესანიშნავი სოლისტები: პიანისტები თათა ლიჩელი, სანდრო ნებიერიძე, ელენე შავერზაშვილი და ლიზა ჩხაიძე; გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

როგორც ყოველთვის, შევეცადეთ მდიდარი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა წარმოგვედგინა. ფესტივალზე შესრულდება ჰაიდნის, ბეთჰოვენის, სიბელიუსის, გრიგის, დვორჟაკის, იანაჩეკის, ვახტანგ მაჭავარიანის და ჯიმშერ ჩხაიძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებები.

მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა ამ ურთულეს ვითარებაში და სიცოცხლე შთაბერა იმ საკონცერტო საღამოებს, რომლებიც ვიმედოვნებ, სიამოვნებას მოგანიჭებთ.

დიდი მადლობა ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს, ფესტივალის მთავარ დირიჟორს, შესანიშნავ მაესტროს ვახტანგ მაჭავარიანს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ფესტივალის გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადასცა.

თათა ლიჩელი – პიანისტი:

– წლევანდელი “ღამის სერენადები” იყო ნამდვილად განსაკუთრებული ჩემთვის. ძალიან ვინერვიულე. პირველად მომიწია პანდემიის პერიოდში ცარიელ დარბაზში დაკვრა და ეს შეგრძნება არასდროს დამავიწყდება.

რა თქმა უნდა, უდიდესი მუხტია, როცა დარბაზში მსმენელია, მაგრამ არანაკლები მუხტი და ემოციაა, როცა იცი, რომ ათასობით ადამიანი გადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში.

ფესტივალი “ღამის სერენადები” ნამდვილად არის განსაკუთრებული ყველასთვის. მას დიდი ისტორია აქვს და დაუვიწყარი კონცერტებია ჩატარებული მის ფარგლებში.

ბათუმში განსაკუთრებული აურაა, ფესტივალი ქალბატონი ლიანა ისაკაძის სახელს უკავშირდება და ჩემთვის ათასმაგად საპასუხისმგებლოა მასში მონაწილეობა.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ დიდი ძალისხმევით და უდიდესი მონდომებით ფესტივალის ჩატარება მაინც მოახერხეს.

სოფო ხალვაში – ბათუმის მერის მოადგილე:

– წელს განსაკუთრებული ფორმატით გვიწევს ფესტივალის გახსნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ეთერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლიდან წლამდე ელოდებიან ამ ფესტივალს და გულშემატკივრობენ.

“ღამის სერენადები” როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია და 12 წლის განმავლობაში ტრადიციულად იმართება ბათუმში. წლების განმავლობაში ფესტივალმა მოახერხა იყოს ხარისხიანი, რამაც განაპირობა, რომ იყოს საინტერესო და მიმზიდველი არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისთვისაც.

წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს.

ქალაქ ბათუმის მერია იყო და იქნება ამ ფესტივალის მხარდამჭერი, რადგან “ღამის სერენადები” ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.

თითოეულ მონაწილეს და სულისჩამდგმელს კი მინდა წარმატებები ვუსურვო.

თამარ გუდავა – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი:

– ფესტივალ “ღამის სერენადების” გულშემატკივრებს აქვთ შესაძლებლობა წელს განსხვავებული ფორმატით, მაგრამ მაინც დაესწრონ არაჩვეულებრივ ფესტივალს, რომელიც იქცა ჩვენი ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის მაღალი ხელოვნების და კულტურის სიმბოლოდ.

ფესტივალს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის უდიდესმა ვირტუოზმა ხელოვანმა ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დააარსა. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი სწორედ ბათუმში აღდგა. წელს მე-12-ედ ტარდება “ღამის სერენადები” და ვიმედოვნებ, რომ ფესტივალი აფხაზეთში ისევ აღდგება. წარმატება ყველას და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის მხარდამჭერები.

ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი  ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2;  TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge