22 აგვისტო, 2020

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გაუარესებული მდგომარეობა გელათშიგელათის სამონასტრო კომლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვა მთლიანად გაუმართავია, რის გამოც უნიკალური მხატვრობა ნადგურდება.

ეთო ედიშერაშვილი:

“გელათის სამონასტრო კომპლექსის ადგილზე დათვალიერებისას ცხადი ხდება, რომ თეთრი კერამიკული კრამიტი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით მთავარ ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის ხარვეზად სახელდება, დღევანდელი მძიმე მდგომარეობის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არ არის. აშკარაა, რომ გელათის მთავარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვა მთლიანად გაუმართავია, რისი შედეგიც ნაგებობათა ფასადების არაერთ ადგილას არის შესამჩნევი გამომარილებისა და ნესტის მუქი ლაქების სახით.

გადახურვის გაუმართაობამ ინტერიერში მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებაც გამოიწვია.

ამ ეტაპზე მოხერხდა მთავარი ტაძრის ცენტრალური სივრცის (ქვემოდან, ხარაჩოს გარეშე და პატრონიკედან), ნართექსის, ჩრდილო-დასავლეთი ეგვტერის და კარიბჭის დათვალიერება. ამასთანავე, მოხერხდა წმ. გიორგის ეკლესიის ზოგადი მოხილვაც. სუსტი განათების გამო ნაწილობრივ მოხერხდა ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ეგვტერების დათვალიერება (სადაც იგრძნობოდა ნესტის მძაფრი სუნი), ხოლო საერთოდ ვერ მოხერხდა საკურთხევლის და ჩრდილო-აღმოსავლეთი ეგვტერის ნახვა, სადაც სრული სიბნელე იყო.

მთავარ ტაძარში, ცენტრალურ სივრცესა და ნართექსში განსაკუთრებულად საგრძნობია ნესტის მძაფრი სუნი, რაც მანამდე არ შეინიშნებოდა. საგრძნობლადაა მომატებული ნესტის ლაქები, ბევრგან ჩანს ფერწერული ფენის ზედაპირზე არსებული გამომარილება, კედლიდან ბათქაშის მოცილება და გაფხვიერება, აშკარაა მხატვრობის ცვენის პროცესი და მომატებული ვარდისფერი ნადები (ბიოლოგიური დაზიანება), რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნართექსსა და ცენტრალური სივრცის ცალკეულ ადგილებში (მაგ., ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში).

ინტერიერის სხვადასხვა ადგილებში შეინიშნება ფერწერული ფენის გაფხვიერება (პატრონიკეს თაღის ნაწილები, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები). მხატვრობის გარდა ზოგან შეინიშნება ქვის მცირე ნატეხების ცვენაც (ჩრდილო-დასავლეთი აფრის ქვეშ). ასევე, მსგავსი დაზიანებებია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეგვტერსა და ჩრდილოთ კარიბჭეშიც, სადაც სარესტავრაციო პროცესის დაწყების შემდეგ ჩამოსულმა ძლიერმა ნალექმა განაპირობა კედლების დანესტიანება, ნესტის ლაქების მატება, გამომარილება, ფერწერული ფენის აქერცვლა, ჩამოცვენა და ბათქაშის დეფორმაცია.

იგივე ტიპის დაზიანებებია წმინდა გიორგის ეკლესიაშიც, სადაც ასევე სხვადასხვა ადგილებში შეინიშნება ვარდისფერი ნაფიფქი, გამომარილება, ფერწერული ფენის ცვენა და გაძლიერებული ნესტის ლაქები.

აშკარაა, რომ დროებითი გადახურვა ლურჯი ტენტით ვერ ქმნის ძლიერი ნალექის დროს სახურავის წყალგაუმტარობის პირობას. ორივე ნაგებობისთვის, როგორც ღვთისმშობლის მიძინების, ისე წმინდა გიორგის ტაძრისთვის, სასწრაფოდ უნდა მოეწყოს მყარი და ხარისხიანი დროებითი გადახურვა ამის შემდგომ კი განხორციელდეს თითოეული მათგანის მდგომარეობის დეტალური დიაგნოსტიკა, განხორციელებული სამუშაოების ყველა ეტაპის შეფასება და სამომავლო სამუშაოების დაგეგმვა და ეტაპობრივი განხორციელება სათანადო კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ჯგუფის მიერ.”

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გაუარესებული მდგომარეობა გელათში