ძალიან საინტერესოდ აღქმული “ალუდა ქეთელაური”

ძალიან საინტერესოდ აღქმული "ალუდა ქეთელაური"ვაჟა ფშაველას პოემა “ალუდა ქეთელაური” ყველა მკითხველს თავისებური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ამ პოემას თავისებურად, ძალიან საინტერესოდ აღიქვამს:

“სადღაც ლიტერატურულ თემებზე ერთ პოპულარულ საჯარო მომხსენებელთან მოვკარი ყური ასეთ აზრს, რომლის გადმოცემასაც შევეცდები – რომ ქრისტიანობა არასწორი რელიგიაა: ვაჟას “ალუდა ქეთელაური” გვიჩვენებს, რომ ცხონდება მაჰმადიანი, ჰომოსექსუალიც და რომ ვინმეს სამოთხეში მისულს, შეიძლება იქ ლეონარდო და ვინჩი დახვდეს.

დავიწყებ სულ თავიდან: ქრისტიანობა თავის ფორმით არის რელიგია, მაგრამ არსით მეტია ყველა რელიგიაზე. იგი ღმერთკაცის უქმნელი მადლითაა მოქსოვილი; როგორც სუფევა, სიბრძნე და სიყვარული იგი ის ძალაა, რომელსაც შეუძლია მთელი პლანეტა გარდაქმნას იმად, რაც თავად უფალს გარემოიცავს და რაც ის თვითონ არის.

და მაჰმადიანი თუ ცხონდება? ქისტი მუცალი, რომელიც თავისი მოკლული ძმისთვის თავგამეტებით იბრძოდა? თუ კაცი მოყვასისთვის თავდადებულია, იგი შინაგანად ქრისტეს ხატს ატარებს – გინდაც სხვა რელიგიის აღმსარებელი იყოს, გინდ სულაც ურელიგიო. როგორ ფიქრობ, ის როდესაც იესო ქრისტეს შეხვდება მიღმა სამყაროში, უფალი თავის ხატს დაღუპავს? რა თქმა უნდა, არა.

და ჰომოსექსუალი? თუ იმ მოძღვრებიდან ამოვალთ, რაც ნამდვილად ჩადებულია ქრისტიანობაში, არანაირი “სექსუალი” მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია ან ისეთი, არ ცხონდება: გინდ იყოს ჰეტერო ანუ ჩვეულებრივი და ეკუთვნოდეს კაცობრიობის 93-95 პროცენტს, გინდ იყოს ჰომო და ეკუთვნოდეს კაცობრიობის დაახლოებით 5-7 პროცენტს. ადამიანი ცხონების გზაზე სექსუალობას უნდა გაცდეს. აი, მაშინ მიეცემა ეს შანსი.

მინდა გოეთეს სიტყვებით დავასრულო ბიბლიაზე – ამ დიდებულ შემოქმედს ბევრი მისი თანამედროვეც და ბევრი ჩვენი თანამედროვეც ზოგჯერ წარმართად იხსენიებს. და მაინც როგორი საინტერესოა მისი შეხედულება ბიბლიაზე:

“დღემდე სახელდობრ ნდობაზე და რწმენაზე დამყარებულად ითვლებოდა, რომ ეს წიგნთა წიგნი ისეთი სულით დაიწერა, მასში ღვთაებრივი სული იქნა შთაბერილი და იგივეს მიერაა ნაკარნახევიც. თუმცა დიდი ხანია უკვე მორწმუნეები და ურწმუნოები მისი სხვადასხვა ნაწილების უთანაბრობებს და შეუსაბამობებს ხან განაქიქებდნენ, ხანაც იცავდნენ. ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები ბიბლიას მეტ-ნაკლები სიმძაფრით, გონებამახვილობით, თავხედობით, გამბედაობით თავს დასხმიან. და იმავდროულად იგი კვლავ და კვლავ სერიოზულად და კეთილგანწყობილად მოაზროვნე ადამიანებს თავიანთ საფარველქვეშ არაერთგზის მოუქცევიათ.

მე ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე მიყვარდა იგი და ფასეულად მიმაჩნდა. რადგან მხოლოდ მას ვუმადლიდი ჩემს ზნეობრივ განათლებას. და ამბები, მოძღვრებები, სიმბოლოები, იგავები ეს ყოველივე ღრმად შთაიბეჭდა ჩემში და ასე თუ ისე მოქმედი დარჩა.”

დასკვნა: ამითაა ქრისტიანობა სწორი.”