17 აგვისტო, 2020

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსს განადგურება ემუქრება

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსს განადგურება ემუქრებადოლოჭოპის სატაძრო კომპლექსს, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, პროფესორ ნოდარ ბახტაძის ინფორმაციით, განადგურების რეალური საშიშროება ემუქრება:

“დიახ, ასეთი ოპტიმისტური განწყობა ქართულ საზოგადოებრიობაში ნეკრესის ნაქალაქარის ამ ერთ-ერთი, გრანდიოზული, უძველესი ქრისტიანული ტაძრის მომავლის თაობაზე, 3 წელზე მეტი ხნის წინ ჯერ კიდევ სუფევდა… ამის შემდეგ დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსზე ბევრი რამ შეიცვალა. კარგი სიახლეებიც იყო – 2018-2019 წლების კვლევითი სეზონების შედეგად მრავალი, უაღრესად საყურადღებო ელემენტი გამოვლინდა: საკურთხევლის ქვეშა, V საუკუნის სარდაფი-კრიპტა წმინდა სანაწილე ლუსკუმითურთ; იმავდროულ დიდგვაროვან საერო პირთა კატაკომბური სამარხები სამხრეთის გალერეის სარდაფში; ქართული ასომთავრული ასო-ნიშნებიანი თიხის მოსაპირკეთებელი ფილები და ჭურჭელი; დასავლეთიდან მიშენებული ეპისკოპოსის სასახლის ნაშთები (ყოველივე ეს, პირველად ქართულ ეკლესიათა სინამდვილეში!) და სხვა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნეგატიური სიახლეები უფრო მრავლადაა: ამ წერილში მოხსენიებული, ილიას ტბიდან მიყვანილი, მიწის მოხრეშილი გზაც კი აღარ არსებობს და დამთვალიერებლებს მდინარე დურუჯის გადალახვა უწინდებურად ფეხით უხდებათ; თვით კომპლექსი კი რეგულარულად იტბორება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გაყვანილი, ყოვლად უკანონო სამელიორაციო არხით. სამანქანო გზაც ამ სარწყავმა სისტემამ შეიწირა.

კულტურული მემკვიდრეობის ამ ახლადგამოვლენილ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს განადგურების რეალური საშიშროება ემუქრება. თანაც, ასეთ ხიფათში ჩავარდნილ ამ უნიკალურ ძეგლს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო დაფინანსებაც შეუჩერა. სიტუაცია დაუჯერებლად, ხელოვნურად დრამატიზირებულად ჟღერს, არა? შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ადგილზე შეამოწმოთ ვითარება. მე ამ ვითარების მნახველი, უამრავი აღშფოთებული მოქალაქე და უცხოელი კოლეგა მეკონტაქტება… რა ვუპასუხო? რომ მე და ამ ძეგლის ახალგაზრდა მკვლევარებიც კი, მგონი უკვე წყობიდან გამოგვიყვანა 10-წლიანმა დამქანცველმა ბრძოლამ ამ დიდებული ძეგლის გამოვლენისა და კონსერვაციისათვის მიზერული საბიუჯეტო სახსრების საწყალობლად ძიებამ? მარტო ჩვენი სადარდებელია ეს ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ისტორიული საუნჯე? ალბათ არ უნდა აღმოგვეჩინა და მიწის ბორცვისთვის არ უნდა გამოგვეტაცა ეს ტიტანი – ამდენ შურს, ღვარძლს და დამცირებას გადავრჩებოდით.”