ვინ ეთანხმებით გიორგი კეკელიძეს?

ვინ ეთანხმებით გიორგი კეკელიძეს?მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე ათასობით ადამიანს იმიტომ უყვარს, რომ ყოველთვის სიმართლის მხარესაა.

გამონაკლისი არც სურამში ქმრის მიერ მოკლული ცოლის შემთხვევაა. ასეთ კაცებს ის მშიშარა კაცებს უწოდებს:

“ეე, ძმაო, შენ რა იცი, ტო, მაგან რა ქნა? იცი? არ იცი! ვაფშე, კაცმა არ იცის, რა მოხდა რეალურად!” “თუ ეგრეა, რასაც ამბობენ, დასაბრედი იქნებოდა!” ,,ქალი? ქალი ისეთს იზამს და ისე გადაგრევს, რო, მოკვლა რა არი?” ,,მოიცა, მე ლიჩნად მანდილოსნების სადღეგრძელოს ვამბობ, ძმა, თორე ეგეთების კი არა!”, ,,ნუ, მარა ადამიანია მაინც, სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა, ერთი შემოარტყი რა და მიაგდე!” ჩვენ, ჩვენ ვლაპარაკობთ ამას. ძლიერი კაცები. “ძლიერი”. და არა მხოლოდ ის კაცი, ვინც დღეს ცოლი მოკლა, ვინც გუშინ წვავდა და გუშინწინ ახრჩობდა.

ჩვენც რიგში ვდგავართ. ხელში სიტყვების დანა და რევოლვერი გვიჭირავს. არანაკლებ მძაფრი და სასიკვდილო. ხვალ სხვაგვარი სიკვდილების იოლად მომასწავებელი. და ქალები. ქართველი ქალები. ერთი საერთო ამოოხვრა გადაფურცლავს მათ ცხოვრებას და ხვალ უკვე ფერმკრთალ ამბად გვემახსოვრება. და თუ თავს მოვატრიალებთ, მხოლოდ საარქივო მასალებს შეყინული უსისხლო სიტყვები შეგვახსენებენ, რომ “ამა წლის ამ რიცხვში, მოქალაქე A-მ მოკლა მოქალაქე B. სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე”.

მოლპა ყველა ნიადაგი, მოლპა და ზანზარებს. ისედაც ღიაა უფსკრული. ღიაა. გველის. და ასე ნელ-ნელა ჩაგვყლაპავს და გაგვაქრობს. ჩაგვყლაპავს, სანამ მშიშარა კაცების ბოხი ამონაკვნესი: ,,ეე, ძმაო, შენ რა იცი აბა, მაგ ქალმა რა ქნა?!” უფრო დაფასდება, ვიდრე მოკლულის სახლის კედელზე მიწერილი ორი სიტყვა: ,,დედა, მიყვარხარ!”