თამაზ ჭილაძის საბედისწერო გაფრთხილება

თამაზ ჭილაძის საბედისწერო გაფრთხილებამწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე ჯერ კიდევ წლების წინ გვაფრთხილებდა, რომ აზროვნებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ხალხის ბრბოდ გადაქცევის აშკარა სიმპტომია და ეს ყველაფერი საბედისწერო მასშტაბს იღებს:

“…და აი, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძეთ ხალხმა კი არა – აგრესიულობით, დაუნდობლობით, სისასტიკით შეპყრობილმა მასამ, რომელსაც არ შეეძლო ახალი, თავისუფალი სახელმწიფოს აშენება, მხოლოდ ნგრევისთვის იყო მოწოდებული და აკი “პლებეი ტერორისტის” ( მარქსის გამოთქმაა!) ხალისითა და დაუნდობლობით დავანგრიეთ… საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სახლი, როცა ბოლომდე ვერ დავანგრიეთ ის, რაც უნდა დაგვენგრია…

ხალხის დაშლის, ხალხის ბრბოდ გადაქცევის აშკარა სიმპტომია აზროვნებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც დღითიდღე, მართლაც, საბედისწერო მასშტაბს იღებს, რაც უპირველეს ყოვლისა, ხალხის კულტურულ მიღწევათა, რაც იგივე ეროვნული მიღწევაა, იგნორირებაში გამოიხატება. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი არ არის, თუმცა მათ უდიდესი როლი მიუძღვით ასეთი განწყობილების დამკვიდრებაში. ასეთი ნიჰილიზმი ამ ბოლო რამდენიმე წლის “ქართული მონაპოვარია” და როგორც ერთგვარი სიახლე ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, საფუძვლიან ახსნასა და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

ალბათ იმის აღნიშვნაც იქნება საჭირო, რომ საერთოდ მოშლილია ის ინსტიტუტი, რომელიც განსაზღვრავდა ხალხის ორიენტაციას, წარმოადგენდა ოფიციოზთან დაპირისპირებულ, ფაქტიურად – ეროვნულ პოზიციას, ვგულისხმობ საზოგადოებრივ აზრს, ჩვენი ცხოვრების უჩინარ, მაგრამ ყოვლისშემძლე წარმმართველს, ანარქიის ცენზორს, წესრიგის შუქნიშანს. დღეს მასზე ოცნებაც კი ფუფუნებაა, რადგან თვითონ საზოგადოების ცნებაა მიწასთან გასწორებული…

ცხოვრებაც, მათ შორის პოლიტიკურიც, ბუნების ასლია, ბუნების მრავალ კანონზომიერებას იმეორებს. ოღონდ, შეიძლება ითქვას, აქ უფრო გამძაფრებულია ბუნების ის წესი, რომლის მიხედვითაც ყველა არსება თავისი ბიოლოგიური ფუნქციის შესრულების შემდეგ, ადგილს უთმობს სიცოცხლის ახალ ტალღას. რევოლუცია დაუნდობელია არამარტო მათთვის, ვისაც ის ამხობს, არამედ მათთვისაც, ვინც მას ახდენს. ეს მეტად მარტივად აიხსნება. შეუძლებელია მუდმივი რევოლუციური მდგომარეობა, პერმანენტული რევოლუციის იდეა სატანას თუ მოუვა თავში. რევოლუცია მხოლოდ დამანგრეველი ძალაა. განუწყვეტელი რევოლუცია იგივე დაღუპვაა. გოეთე ამბობდა, რევოლუციაში ღმერთის ხელი არ ურევიაო. ამიტომაც არ არის საკვირველი, ვინც გილიოტინა დაამკვიდრა, თვითონაც გილიოტინის მსხვერპლი რომ გახდა. ეს უკვე ერთგვარ კანონზომიერებად იქცა კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა ამ ჭეშმარიტებას ყველაზე ძნელად რატომღაც პოლიტიკოსები ეგუებიან…”