18 ივლისი, 2020

სანდრო ახმეტელის წერილი კოტე მარჯანიშვილს

სანდრო ახმეტელის წერილი კოტე მარჯანიშვილსრეჟისორები სანდრო ახმეტელი და კოტე მარჯანიშვილი ქართული თეატრის ყველაზე გამორჩეული რეჟისორები არიან.

მიუხედავად მათი ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობისა, სამწუხაროდ, მათ შორის შავმა კატამ გაირბინაბ უახლოესმა მეგობრებმა ერთად მუშაობა ვეღარ გააგრძელეს და კოტე მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავიდა.

სანდრო ახმეტელმა კოტე მარჯანიშვილს რუსთაველის თეატრში დაბრუნებასთან დაკავშირებით წერილი მისწერა:

“შენდამი წერილის მოწერისაგან თავი შევიკავე, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებით; მინდოდა შენთვის დასამშვიდებლად დრო მომეცა და ჯერჯერობით არ შემეწუხებინე არც ჩემი თავის და არც თეატრის შეხსენებით. მინდოდა ლოლას ხელით გამომეგზავნა წერილი, მაგრამ თავი შევიკავე, თუმცა გიცნობდი რა, უფრო სწორად გაგიცანი რა ეხლა უფრო ახლოს, ვიფიქრე, ჩემი დუმილი შეიძლება რამდენადმე სხვაგვარად აგეხსნა.

დამირეჯე ეს არ არის ის. რა თქმა უნდა, თეატრის საკითხი ჩემდა სასარგებლოდ არ გადაწყდა. მე ყველაზე ნაკლებ მინდოდა ასეთი შედეგი, გულწრფელად გეუბნები, რომ გაგიჟებით მინდოდა წელს, რამოდენიმე წლით მოსკოვში გამგზავრება და იქ გადამეტანა ჩემი თეატრალური კარიერის უსიამოვნებანი. ეს რომ არ მოხდა, ჩემთვის ძალზე სამწუხაროა. მოკლედ, საქართველოში დარჩენა ჩემთვის ძალზე მძიმეა. პირად საუბაში შევეცდები გულწრფელად გამოგიტყდე და ცხადია, შენ გამიგებ.

რაც არ უნდა მოხდეს, ძვირფასო კოტე, ჩვენს შორის, იცოდე, გარდა უღრმესი სიყვარულისა და ერთგულებისა შენს მიმართ, ჩემს გულში არაფერი იმალება. მე შემიძლია ერთგულ მეგობრად დარჩენა თვითონ ბრძოლის მომენტშიც კი.

თეატრში მე დავიკავე შენი ადგილი, რა თქმა უნდა, იმ ფიქრით, ადრე თუ გვიან დაგიბრუნო შენი საყვარელი თეატრი, როცა კი შენ მოისურვებ. შენი სული ჩვენს თეატრში უსაზღვროდ იბატონებს, ამიტომაც არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული წინასწარ შენთან შეთანხმების გარეშე. შევეცდები პატიოსნად, როგორადაც შევძლებ, გამოვავლინო შენი ანდერძი.

მიმდინარე სეზონის მდგომარეობა ძალზე სავალალოა. მუშაობას გვიან ვიწყებთ. ხარჯთაღრიცხვა და დასის შემადგენლობა, რომელიც მე წავუყენე კომისიას, მიღებულია დასაწყისასათვის – მუშაობას ვიწყებ აგვისტოს ბოლოს. შევძლებ თუ არა სეზონის გახსნას ოქტომბრის ბოლოსთვის, ცხადია, კიდევ საკითხავია. რეპერტუარი შემდეგია: “მეფე ლირი”, შექსპირის ერთი კომედია, “ფიესკოს შეთქმულება”, “ბანჯგვლიანი მაიმუნი”, “ზაგმუკი”, “ექვსი მოქმედი პირი”, “სიკვდილი”, “ახალი აზია”, “სინათლე” მეორე ნაწილი, ერთი ქართული კომედია ან რამიშვილი ან კლდიაშვილი, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. “ლირის” საკითხს თვითონ გადაწყვეტ როდის და როგორ მოისურვებ გააკეთო.”