4 ივლისი, 2020

ოთარ ჭილაძე გურამ რჩეულიშვილზე

ოთარ ჭილაძე გურამ რჩეულიშვილზემწერალი ოთარ ჭილაძე თავის კოლეგასთან გურამ რჩეულიშვილთან მეგობრობის დაწყების ისტორიას ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებდა:

“ხევსურეთში დაიწყო ჩემი და გურამის მეგობრობა. უფრო სწორად, იქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელსაც ალბათ არც შეიძლება ეწოდოს მეგობრობა ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით.

თუმცა, თითქმის ყველაფერი გადაგვხდენია ერთად თავს, რაც მეგობრებს შეიძლება გადახდეთ და მაინც, გურამის სხვა მეგობრებისაგან განსხვავებით, ალბათ გამიჭირდება რაიმე საინტერესო ეპიზოდის, შემთხვევისა თუ თავგადასავლის გახსენება.

სამაგიეროდ, აქამდე მახსოვს მისი ბავშვურად ამაყი, ბავშვურად ბედნიერი სახე – გახვითქულ ცხენზე გადამჯდარი, ჩვენნაირი, ჩვენი ექსპედიციის წევრი კია, მაგრამ სადიდო საქმე შეასრულა ეს წუთია და ძალიან უნდა, ჩვენც „დიდად“, უკვე ჩამოყალიბებულ ვაჟკაცად ჩავთვალოთ (ჩვენი ბარგის ნაწილი, რომელიც სოფელში დარჩა და წამოსაღებად გურამი და ვიღაც ბიჭი, აღარ მახსენდება იმის სახელი, გააგზავნეს, როგორც ყველაზე კარგი მხედრები. ხოდა, ბარგიანად და, რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნებული, ვერ მალავს სიხარულს, გული ებერება სიამაყისგან და ადგილზე ატრიალებს სადავედამოკლებულ ცხენს).

საერთოდ, გურამი, თუ შეიძლება ითქვას, თავიდანვე, დაბადებიდანვე პიროვნება იყო. უფრო ზუსტად კი, სხვებზე მწვავედ, სხვებზე მძაფრად განიცდიდა ასაკს, გნებავთ, უასაკობას, და ნებისმიერი გზითა და საშუალებით, დამოუკიდებლობის, „დიდობის“ მოპოვებას ცდილობდა. ამიტომაც განსაკუთრებით ძნელი იყო მასთან ურთიერთობა. თუმცა, ჩემი და ჩემი ძმის მიმართ ყოველთვის უჩვეულოდ „რბილი“ და დამთმობი გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, აშკარად ცალმხრივი არ ყოფილა ჩვენი სიყვარული მისადმი. სხვას თუ შუაღამისას აგდებდა ლოგინიდან, ჩვენ კარის ზღურბლთან, კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი გვიცდიდა დილაობით და დედაჩემი კარს რომ გამოაღებდა ხოლმე, დარცხვენილი მოუბოდიშებდა – ბიჭებს ველოდები, ხომ არ გაუღვიძიათო.

საერთოდ კი, საოცრად დაუდგრომელი, ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და უმალ უტეხი და ჯიუტი ეთქმოდა, ვიდრე დამთმობი და მორიდებული. წეღან ვთქვი, სხვა მეგობრებისგან განსხვავებით, ექსცესების გახსენება გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანიც მაშინვე შეატყობდა, ძალიან რომ უყვარდა შეხლა-შემოხლა, ღონის გამოჩენა, მოულოდნელი, თითქმის უმიზეზო აბობოქრება. მაგალითად, ტირშიც იმიტომ შედიოდა, ერთმანეთზე შეწყობილი თუნუქის ქილების პირამიდა რომ დაეშალა ბურთით, რადგან ეს უფრო მეტ ხმაურს იწვევდა, ვიდრე ჰაერის თოფის სროლა. არადა, უაღრესად კეთილი, უაღრესად სათუთი ბუნება ჰქონდა და, მე მგონი, ცოტა სცხვენოდა კიდეც ამის გამომჟღავნება.

საერთოდ, ჩემი აზრით, მისი „ბობოქრობაც“ და „დაუდგრომლობაც“ ძირითადად ასაკისმიერი, ქვეცნობიერი ამბოხი იყო ნებისმიერი სიპატარავის, ნებისმიერი სისუსტის, ნებისმიერი მორჩილების წინააღმდეგ და, ამავე დროს, ასევე ასაკისმიერი, მაგრამ აუტანელ, მიუღწეველ ჟინად ქცეული მცდელობა თვითდამკვიდრებისა, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გადაიზრდებოდა მიზანდასახულ და, რაც მთავარია, მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ გამიზნულ ცხოვრებასა და შემოქმედებაში და ამის თქმის უფლებას ისევ თვითონ მაძლევს, უპირველეს ყოვლისა, თავისი წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობითა და ნაყოფიერებით. არა მგონია, რომელიმე ჩვენგანს, მასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ადამიანს, მის სიცოცხლეშივე სცოდნოდა, ანდა სცოდნოდა და დაეჯერებინა, ამდენი თუ ჰქონდა უკვე შექმნილი.

პირადად ჩემთვის, მაშინ კი არა, ახლაც ძნელი ასახსნელია, როდის წერდა საერთოდ. მაგრამ რაკი ღმერთს მწერლად ჰყავდა გაჩენილი, ეტყობა, სხვა, მარტო მისთვის გასაგები და მარტო მისთვის მისაღები კანონების შესაბამისად ახერხებდა ცხოვრებასაც და წერასაც. რაც მთავარია, თვითონ აშკარად სწამდა საკუთარი ნიჭისაც და შესაძლებლობებისაც და სადოღე ცხენის მოუთმენლობით ელოდებოდა „დოღის“ დაწყების ნიშანს. უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ, ბავშვური მოუთმენლობით ელოდებოდა „ცისკრის“ იმ ნომრის გამოსვლას, რომელშიც მისი პირველი მოთხრობები უნდა გამოქვეყნებულიყო. სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მაშინდელ მახარაძის ქუჩაზე, „ცისკრის“ რედაქციასთან, სადაც თურმე უკანასკნელად ჩამოვართვი ხელი მიწიერი ცხოვრებიდან მწერლურ მარადისობაში მიმავალს.“