ნინო მიქიაშვილის ძალიან კარგი იდეა

ნინო მიქიაშვილის ძალიან კარგი იდეაჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ძალიან კარგი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში მცირე წვლილის შეტანას სთხოვს:

“იდეა მინდა შემოგთავაზოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს – მხარდაჭრის შემთხვევაში განხორციელება შესაძლებელია. ერთდროულად რამდენიმე კარგ საქმეს გავაკეთებთ, იმ ქვეყნად ჩვენს წინაპრებს გავახარებთ და ამ ქვეყნად ქვაზე კვეთილობითა და წარწერებით დაინტერესებულ სპეცილისტებს ალბათ რაღაცით დავეხმარებით და, რაც ყველაზე მთავარია, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში მცირე წვლილს შევიტანთ.

ჩვენ-ჩვენ მშობლიურ სოფელში ძველ საფლავებს ხავსი ფრთხილად რომ გადავაცილოთ, გავასუფთავოთ, ფოტოები გადავიღოთ, განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება წარწერებსა და გამოსახულებებს და ეს ფოტოები და ინფორმაცია ერთად შევკრიბოთ, ხომ იქნება ძალიან მაგარი საქმე?!

ამ თემაზე 2018 წლიდან სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს, მაგრამ ჩვენ, არასპეციალისტებმაც რომ ვიმუშავოთ, მგონი, ცუდი არ იქნება. აქვე გეტყვით ამ იდეის საფუძველზე – ფეისბუქში ჩემთვის უცნობი ადამიანისგან ირინა ღონღაძესგან დამხვდა ხავსმოდებული საფლავების ფოტოები და წერილი, აბა, ნახეთ ეს საფლავის ქვები, ეგებ მნიშვნელოვანია, ჩემს სოფელშია გადაღებულიო…

თავის მხრივ, ირინას სტიმული ფოლადაურში აღმოჩენილმა საფლავის ქვების ნახვამ მისცა. აი, ასე იყო. ახლა თქვენს აზრს მოუთმენლად ველოდები.”