მანანა აბაზაძე – საოცარი ბედისწერის ხელოვანი

მანანა აბაზაძე - საოცარი ბედისწერის ხელოვანიანსამბლ “სუხიშვილების” “ოქროს თაობის” მოცეკვავე მანანა აბაზაძე ბედმა სასიამოვნო სიურპრიზებით ნამდვილად გაანებივრა.

რუსეთში დაბადებული მოცეკვავე და მსახიობი თბილისში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში აღმოჩნდა, სადაც ვერა წიგნაძესთან და ვახტანგ ჭაბუკიანთან მოუწია ურთიერთობა.

საქართველოს სახალხო არტისტი დაბადებიდან ცეკვავს – მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა რამ არც უნდოდა და არც აინტერესებდა.

სკოლაში მისული რეჟისორის ასისტენტის წყალობით კინოში მოხვდა. “შავი თოლია” მისი სადებიუტო ფილმი იყო. სწორედ ამ ფილმის გადაღებების დროს ნახა თენგიზ აბულაძემ მანანა აბაზაძე და “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” გადაღებებზე მერის როლზე მიიწვია.

ეს იყო ბედისწერა, რადგან შეხვდა სერგო ორჯონიკიძეს – ზურიკელას როლის შემსრულებელს, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. თენგიზ აბულაძე ძალიან უწყობდა ხელს, ნოდარ დუმბაძე კი მათ დანახვაზე ამბობდა, ჩემი შექმნილი ოჯახი მოდისო.

“შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა” – ეს ფრაზა მანანა აბაზაძის ცხოვრების თანმდევი გახდა.
“თუკი სადმე ვიტყვი რამეზე რომ არ მინდა, იმ წუთას მომაძახებენ – შენ არ გინდა ზურიკელას უნდა – ამ ფრაზით დავბერდი.”

კინოში შეთავაზებები ნამდვილად მრავლად იყო, მაგრამ კინო ცეკვამ გადაწონა.

მანანა აბაზაძე 12 წლის ასაკში პირველად შეხვდა ნინო რამიშვილს. შეუდარებელი მოცეკვავის მახვილ მზერას არ გამოპარვია გოგონას მონაცემები და ანსამბლში მისვლა შესთავაზა. მე-9 კლასელი მანანა აბაზაძე იურა ზარეცკიმ და ზურა კიკალეიშვილმა ნინო რამიშვილთან მიიყვანეს. ერთ თვეში კი სცენაზე დადგა და ხევსურული იცეკვა.

– მე რომ არ მეცეკვა ალბათ მოვკვდებოდი! ცეკვა არის ჩემი ცხოვრება! – ამბობს მანანა აბაზაძე და რთულია არ დაეთანხმო.