მამა დავით ლონერგანი – გაქართველებული ირლანდიელი

მამა დავით ლონერგანი - გაქართველებული ირლანდიელიირლანდიელი დევიდ ლონერგანი მართლმადიდებელი გახდა და ირლანდიის ქალაქ დუბლინში წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარი მამა დავითია. წირვას მამაო ქართული გალობის ფონზე ინგლისურ ენაზე ატარდებს, რადგან ღვთისმსახურებებს სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი მრევლი ესწრება. ტაძარში დამკვიდრებულია ძალიან კარგი ტრადიცია – „მამაო ჩვენო“ ყველა იმ ენაზე წარმოითქმის, რომელ ენაზე მეტყველი მართლმადიდებელიც წირვას ესწრება.…

მამა დავითის ხელშეწყობით საკვირაო სკოლა “ლამპარში” ქართველი ემიგრანტების შვილებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა და ცეკვა და ერთმანეთს ქართულად ელაპარაკონ.

“კათოლიკე ქრისტიანი ვიყავი, ჩემი ცხოვრება სამუდამოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ირლანდიაში მცხოვრები ქართველები გავიცანი და მსოფლიოში განთქმულმა მათმა უდიდესმა სტუმართმოყვარეობამ მეც მიმიღო, მიცნო და მცნო, როგორც მოყვასი……

ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი, ირლანდიელი კაცი ვარ – დევიდ ლონერგანი, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებელი გახდა, გაქართველდა კიდეც და დღეც მამა დავითი ვარ…

როცა პირველად ქართულ ეკლესიაში შევედი, უკვე მქონდა განცდა, რომ სამოთხეში მოვხვდი და ამას არ ვაჭარბებ, რადგან ასეთ გარემოს და ასეთ მრევლს იშვიათად შეხვდებით!

ზოგადად, ქართულ მუსიკაში – სიმღერაშიც და და გალობაშიც, ზეციური ანგელოზების ხმა ისმის! ეს ხმა ერთხელ რომ გავიგონე, მას შემდეგ ქართული გალობისა და, ზოგადად, ქართული მუსიკის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობა დღემდე მომყვება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ქართული გალობის წყალობითაცაა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ძალიან ამაღელვებელი…

როცა ჩვენი საეკლესიო გუნდის გალობა და განსაკუთრებით – ღვთისმშობლის სადიდებელი მესმის, ჩემი სული სამოთხემდე მაღლდება და საკუთარ თავს ვეკითხები: რომელ ერს აქვს მსოფლიოში ისეთი სიმღერა და გალობა, რომელსაც სულის ასეთი ამაღლება შეუძლია? პასუხი ერთადერთია: ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა – ღმერთის სამეფო დედამიწაზე!” – განუცხადა მამა დავითმა ინტერვიუში სოფი ბიბილაშვილს.