26 ივლისი, 2020

მალხაზ გორგილაძე – ქართული კინოს პრინცი

მალხაზ გორგილაძე - ქართული კინოს პრინციმსახიობ მალხაზ გორგილაძეს სრულიად დამსახურებულად უწოდეს ქართული კინოს პრინცი. შეუძლებელია ნახოთ თუნდაც ერთი ფილმი მისი მონაწილეობით და სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეთ უსიმპათიურესი ჭაბუკი დახვეწილი მანერებით და განუმეორებელი ეშხით.

“დღე უკანასკნელი, დღე პირველი” იყო მალხაზ გორგილაძის სადებიუტო ფილმი, რასაც მოჰყვა “ნინო”, “პიერი მილიციის თანამშრომელი”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “დათა თუთაშხია”, “ფესვები”…

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე რეჟისორ ლეო ესაკიას ფილმის “ნინოს” გადაღებებიდან ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა ერთ ამბავს:

“ბატონ ლეო ესაკიას ფილმ “ნინოს” გადაღების დროს ჩხუბი დავუწყე:

– როგორ შეიძლება მსახიობს მისცე ისეთი როლი, ასე იტანჯოს.

– მსახიობმა ყველაფერი უნდა შეძლოს, – მიპასუხა ბატონმა ლეომ.

არ გავჩერდი და ქოქოლად მივაყოლე:

– წარმოუდგენელია კინოშიც კი, მალხაზ გორგილაძე ძვრებოდეს სხვის ჯიბეში და ფულს იპარავდეს.

ამაზე რეჟისორმა ვერაფერი მიპასუხა, თუმცა მოგვიანებით დასძინა:

– მართალი ხარ, დოდო, პრინცები ასე არ იქცევიან.”