8 ივლისი, 2020

ლექსი, რომელიც სახეში ულაწუნებს

ლექსი, რომელიც სახეში ულაწუნებსლექსი, რომელიც სახეში ულაწუნებს პოეტმა როი აბუსელიძემ წარმოგვიდგინა და მისი ავტორი გიო ზედვაკელია:

“რამდენადაც მაგარია ჩემი ძმაკაცის ეს ლექსი, იმდენად ცუდად ვართ… სათაურია ცალკე სამსჭვალი, სხვას რომ თავი დავანებოთ…

მაგრამ, მაგრამ, მაგრამ ქანდარაზე მსხდომ პოეტებს და მომღერალ მწერლებს ეს მართალი ლექსი ხომ სჯობს. სჯობს კი არადა სახეში ულაწუნებს, სოციალისტურ, წითელ ნაწერებს… წაიკითხეთ თანამედროვე, ანალიტიკური პოეზია….

პოეტი ავტო ნაწილების მაღაზიიდან

ლექსს მაინც დავწერ, არაფერი არ იყიდება,
ვზივარ და ველი სათვალიან და თან ფულიან
,,ბიძას”
რომელიც ფასზე აღარ ამიხირდება,
დავუფასებ და გადაიხდის!..
გამორთული აქვს
ტელე, ვურეკავ, ორი თვეა, ჩემი მეგობრის
ძმაკაცს. ამ საქმეს, სამწუხაროდ, თან სდევს ნისია.
აგერ ბიჭები არაყს ხდიან, მთლად ჩვენ მეზობლად
და დიდუბის ცას შევცქერთ ასე რუხს და ნისლიანს.
ყველაზე მაგრად კლიენტს ,,კერავს” კოჭლი აშოტა,
ხომ კოჭლი არის? – ყველა მაღალ ღობეს ახტება!
დღეს ტოჩიც მოხსნეს (ტრავმის გამო) ,,აკი ბაშოდან”
და მოკლედ, ირგვლივ არაფერი კაი არ ხდება.
გარდა იმისა, რომ აგერ, ა – ამ ლექსს რომ ვწერდი,
ვიღაცა ქალი შემოვიდა ხელში ღვედით და
,,ასეთი თუ გაქვს?” – მეკითხება,უღელავს მკერდი
და ხვნეშა ისმის საკაცეთის აქვე,
გვერდიდან.
წავა ქალი და ასი წყვილი თვალი გაყვება,
მის ლამაზ ფეხებს,
თეძოს,
ძუძუს…
მე ნუ დამძრახავთ,
თუ ვფიქრობ ჩემთვის, სულელივით:
ქალის ბაყვებმა
როგორ შეძლო რომ ყველას გული აუცახცახა?
რა დამღლელია, ღმერთო ჩემო, ო, ეს რუტინა,
ეს ფეისბუქის ჭორები და მყრალი ლექსიკა –
რომ თავის ხატად ორეული შექმნა პუტინმა,
რომ მალე ტრამპი აუშენებს კედელს მექსიკას.
არავინ არ ჩანს, მდუმარეა ჩემი ,,მაღარო”,
საცობი კია, უმეტესი – ჰიბრიდებია.
ჩვენთან ხომ მთელი იანვარი სვამენ საღამოს
და მერე… დილით პახმელიით იბრიდებიან.
აი, გამოჩნდა ციცო ბებო: ,,ჩაი”, ,,კოფე”-ო,
შემოაყენებს ურიკას და ისევ მოგვითხრობს –
რომ აფხაზეთში მაღაზიის გამგე ყოფილა,
ვინც დააქცია ეს ქვეყანა, ღმერთმა მოკითხოს!
ღმერთმა მოკითხოს ირგვლივ ყველა ,,ამჩემფეხება”
დეპუტატს,
სპიკერს,
ყველა კუებს,
ყველა პაიკებს
დამშეულ ბავშვზე რომ იტყვიან ,,მე არ მეხება”
და მარტოხელა დედის სევდას ვინც ვერ გაიგებს.
ღმერთმა მოკითხოს
და შენც, ღმერთო, ერთხელ გამოჩნდი –
დაჰყავი ხელი ბოროტებას, გააცამტვერე!
ამ მძიმე დღესაც მე ვერაფერ ხეირს გამოვრჩი,
მხოლოდ მორიგი უბადრუკი ლექსი დავწერე.”