12 ივლისი, 2020

ის, რაც პეტრე-პავლობაზე უნდა ვიცოდეთ

ის, რაც პეტრე-პავლობაზე უნდა ვიცოდეთპეტრე-პავლობის დღესასწაული ქრისტეს ორი მთავარი მოციქულის დღესასწაულია.

ამ დღესთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია საინტერესო ამბავს გვიყვება:

“პეტრე-პავლობის დღესასწაული, როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, ქრისტიანობის ორი მთავარი მოციქულის დღესასწაულია. რა თქმა უნდა, სხვა მოციქულებიც არაფრით ჩამოუვარდებიან მათ, თუნდაც ანდრია პირველწოდებული, ან იოანე ღვთისმეტყველი, მაგრამ ქრისტიანული გააზრებით ადამიანად ქმნის ეტაპებს ალბათ ეს ორი მოციქული სხვებზე უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

წმ. პეტრე მოციქული მათთაგანია, ვინც იესო ქრისტესთან თავიდანვე დადგა, მოყოლებული იმ დროიდან, როდესაც უბრალო მეთევზე უფალს გენესარეთის ტბასთან შეხვდა. ალბათ იუდა ისკარიოტელის შემდეგ არ ყოფილა სხვა მოციქული, ვისთვისაც გეთსამანიის ბაღში მომხდარი ამ ზომამდე მოულოდნელობა იქნებოდა – მისი გონებისთვის მართლაც მიუწვდომელი. მან დაინახა, რომ მისი მოძღვარი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბარდება სინედრიონის მიერ გამოგზავნილ რაზმს. ამიტომაც მახვილით ყური წააცალა ლეგიონერს, რის გამოც წინამძღოლისგან შენიშვნა მიიღო: რომელმაც მახვილი ამოიღოს, მახვილითვე წარწყმდესო. ამის შემდეგ მას აუხდება ქრისტეს წინასწარმეტყველება სამჯერ უარყოფაზე. უარყოფა ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს ნამდვილ არსს იგი ჯერ ვერ ჭვრეტს. მან ნახა გოლგოთა, უფლის აღდგომა, დევნილობა. მისი სიცოცხლე ამიერიდან სინანულმა აღბეჭდა.

წმ. პავლე მოციქული სულ სხვა ქმნადობას განსახიერებს: იგი, საულად წოდებული, ფარისეველთა რელიგიური ორდენის წევრი, წარმოშობით ბენიამინის ტომიდან და იმავდროულად რომის მოქალაქე, ქრისტიანობის მდევნელია. მას თავად იესო ქრისტე არასდროს უნახავს ფიზიკურად. დამასკოსკენ მიმავალ გზაზე ქრისტიანების დაკავების მიზნით წასული იგი დაბრმავდა და ცხენიდან ჩამოვარდა – ნათელი, რომელიც მან აქ იხილა, ქრისტეა. იგი შეიძლება ითქვას, პირველი ადამიანია, ვინც იხილა ქრისტე ზეცად ამაღლების შემდეგ, მაშინ როდესაც მენელსაცხებლე დედებმა და სხვა მოციქულებმა უშუალოდ აღდგომის შემდგომ იხილეს იგი. ამის შემდეგ დაუღალავი პავლე მოციქული გვევლინება ქრისტიანობის მქადაგებლად და სულისჩამდგმელად მახლობელ აღმოსავლეთში, ანატოლიაში, ბალკანეთზე, ეგეოსის კუნძულებზე, იტალიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სადაც შექმნა ქრისტიანული სპირიტუალურ-აღმსარებლობითი თემი.

პეტრე მოციქულის რომში მოღვაწეობა ადამიანური ინდივიდის გზაა აღდგომილი ქრისტეს განჭვრეტისკენ და მის წარუვალ ბუნებასთან ზიარებისკენ; “სულის მხედველობის განათლება”, როგორც დავით აღმაშენებლის “გალობანი”-ში გვხვდება ეს ცნება. ანუ მოძრაობაა ქვემოდან ზემოთ.

პავლე მოციქულის მთელი მოღვაწეობა ქრისტიანობის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის დაფუძნებაა მიწიერ სფეროში. ეს კი მოძრაობაა ზემოდან ქვემოთ. ქრისტიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და კულტურული ფაქტორი ხდება რომის იმპერიაში, იმდენად რომ კეისართა ერთი ნაწილი სამი საუკუნის მანძილზე გარკვეული პერიოდულობით ცდილობს შიშით, რეპრესიებით და განადგურებით წინ აღუდგეს ამ გამოწვევას და თავისებურად გადაჭრას ქრისტიანობის პრობლემა.

სულთმოფენობის შემდეგ პეტრე-პავლობის დღესასწაული არის ქრისტიანობის ამქვეყნად დაფუძნების დღე, რომელიც ეყრდნობა ერთის მხრივ სახარებებში ტრადირებულ ამბავს ღმერთკაცის ამქვეყნად შობისა, მისი მოღვაწეობისა, ჯვარცმისა და აღდგომისა; მეორეს მხრივ კი, აღდგომილი და ცად ამაღლებული ღმერთკაცის ზეგრძნობად ჭვრეტას.”