19 ივლისი, 2020

გია ფერაძის სახალისო ისტორია

გია ფერაძის სახალისო ისტორიამსახიობ გია ფერაძის ცხოვრება უდიდესი ტრაგიზმით იყო სავსე, თუმცა მის ხანმოკლე სიცოცხლეში იყო ბედნიერი და მხიარული ისტორიებიც.

“არტ ინფო” მსახიობის ერთ-ერთი ენამოსწრებულ ისტორიას გაგაცნობთ:

ერთხელ გია ფერაძე ბომონდურ სუფრაზე მოხვდა მოსკოვში. იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს არისტოკრატიული მანერებით მიმართავდნენ, ქართველ სტუმარს კი ყურადღებას არ აქცევდნენ – გიას თავს აჩვენებდნენ, რომ თითქოსდა, ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე…

გიამ შამპანური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:

– ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ შეკრებილი და შეიძლება, სამიოდე შეკითხვა დაგისვათ?

– რა თქმა უნდა, გვკითხე, – ერთხმად, ფამილარულად მიუგო “ბომონდმა” “პროვინციელს”.

– რა ერქვა კარლ მარქსის მამას? – იკითხა გიამ და ამდენ “განათლებულებში” ერთმაც არ იცოდა პასუხი…

– ჰაინრიხი! – თქვა მსახიობმა და მეორე კითხვა დასვა:

– ვინ დაწერა სიმღერა “პოდმოსკოვნიე ვეჩერა”? – ბომონდი ისევ ჩუმად იყო.

– ვასილ პავლოვიჩ სოლოვიოვ-სედოიმ, – განუცხადა ქართველმა “პროვინციელმა” “ბომონდს” და მესამე კითხვაზე გადავიდა:

– რა უფრო კარგია სასუქად – ჩიტის სკინტლი თუ საქონლის ფუნა?

– ფუნა! ფუნა! – აყაყანდა “ბომონდი” და პასუხის თქმას არ აცდიდა ერთმანეთს.

გია ფერაძემ ხელის აწევით გააჩერა ისინი და უთხრა:

– პოლიტიკა თქვენ არ გესმით, ხელოვნება თქვენ არ გესმით, ფუნასა და ქაქში კი კარგად ხართ გათვიცნობიერებულები. თქვენს განათლებას გაუმარჯოს! – გია ფერაძემ ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სუფრა ამაყად დატოვა.