11 ივლისი, 2020

გაიცანით მიხა ხელაშვილის მკვლელები

მიხა ხელაშვილის მარგალიტი - "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო"პოეტი მიხა ხელაშვილი საკუთარ დაბადების დღეზე თავისივე მეგობრებმა მოკლეს.

არჩილ ღიბრაძე პოეტის მკვლელებთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“მიხა ხელაშვილის მკვლელები! საბჭოთა პერიოდში მიხა ხელაშვილის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამიტომ ჩვენ პოეტის არსებობა საკმაოდ გვიან გავიგეთ! ბევრი რამ გაირკვა, დალაგდა, მიხა დღეს ყველა ქართველისათვის საყვარელი პოეტია, მის ლექსებზე ხალხი მღერის.

ქალბატონი ლელა რაზიკაშვილის ძალისხმევით, ყოველი წლის 25 იანვარს, ჩარგალში ვზეიმობთ მიხაობას! მიხა ხელაშვილი 1925 წლის 25 იანვარს თავისივე მეგობრებმა გაწირეს. მკვლელობის ორგანიზება ბოლშევიკებმა კომკავშირელ ვახტანგ რაზიკაშვილს, ვაჟა-ფშაველას გერს ანდეს.

შემორჩენილია მიხას მკვლელების ძალზედ შთამბეჭდავი ფოტო, რომელიც კარგად გამოხატავს ბოლშევიკურ ეპოქას, აღსანიშნავია ფოტოგრაფის ხელოვნებაც. ფოტოასლი მომაწოდა ბატონმა სანდრო შანიძემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მიხას შემოქმედების ფუნდამენტური წიგნის “სიტყვა ლექსებად ნაქარგი” გამოცემაში.

ფოტო გადაღებულია 1925 წელს, მიხას მკვლელობიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. წინა პლანზე გამოსახულია სამი მომღიმარი ახალგაზრდა, უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლები: მკვლელობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვახტანგ რაზიკაშვილი, თანამონაწილენი: ლევან გარსევანიშვილი და ლუკა მარცვალაშვილი.

გაიცანით მიხა ხელაშვილის მკვლელები

მეორე პლანზე – ახალგაზრდა კომკავშირლები, რომლებიც მიხას მკვლელობისას ჩარგალში იმყოფებოდნენ. უკანა პლანზე დროებითი საპყრობილეა, გისოსებს მიღმა პატიმრებს ახლობლების წერილი უჭირავთ. ფოტოს უკანა მხარეს – მიხა ხელაშვილის ქალიშვილის, თამარის კომენტარებია.

გაიცანით მიხა ხელაშვილის მკვლელები

ვახტანგი თამარის ნათლია იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მიხას ქვრივთან დედუნასთან შვილი – ალექსი შესძენოდა, რომელიც ბერიანიძის გვარს ატარებდა და მოგვიანებით დაეწერა რაზიკაშვილად.

სალომემ – მიხას დამ ხევსური მილიციელის ტუჩა ქეთელაურის დახმარებით მოიპარა ძმის სხეულის ნაშთები და ჩარგალში დედის საფლავის გვერდით დამარხა. მიხას მკვლელობიდან მალევე ლევან გარსევანიშვილი მოურჩენნელი სენით წამებაში გარდაიცვალა. ჩარგალში ყვებოდნენ მოწამლესო! ლუკა მარცვალაშვილი ბოროტი კაცი ყოფილა, მიხას მკვლელობამდე საკუთარი მამა ჰყავდა მოკლული და ნაკელში ჩაფლული… მიხას მკვლელობიდან 24 წლის შემდეგ იგი შირაქში მოკლა გოგია ჭიჭოშვილმა

ვახტანგ რაზიკაშვილის “გმირობები” ამით არ ამოწურულა, მანვე მოკლა თანასოფლელი გიორგი პირქუშაშვილი. გიორგის შთამომავლები გვიამბობენ: “პაპაჩვენი გიორგი პირქუშაშვილი საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი პიროვნება გახლდათ, შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს, იყო მათემატიკის მასწავლებელი, მიხას საუკეთესო მეგობარი იყო, ამიტომაც შურისძიების ეშინოდა და 1926 წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე ტყეში ჩაუსაფრდა, თოფით ცხენიდან ძირს დასცა და შემდეგ ხანჯლით აკუწა. ხალხში ტრაბახობდა კიდეც – უკანასკნელი ძაღლიც მოვაცილე ჩარგალსო.” ვახტანგი შემდგომ ვაჟა-ფშაველას მუზეუმის დირექტორიც გახლდათ. მან პირადი ინიციატივით მუზეუმი დაანგრევინა და თავიდან ააშენა, რითაც ისტორიული მნიშვნელობა დაუკარგა მას.

ვახტანგის დირექტორობისას დაიკარგა უამრავი ექსპონატი, შეგნებულად გაანადგურა მისთვის არასასურველი მიმოწერაც! ამ “გმირობების” ჩამდენის საფლავი დღემდე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოშია, რაც ორმაგად დაუშვებელია. ერთის მხრივ მუზეუმი სასაფლაო არაა, მეორეს მხრივ, მიხა ხელაშვილის და გიორგი პირქუშაშვილის მკვლელის საფლავს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში რა უნდა?!

ასევე ფიქრობდა გულქან რაზიკაშვილი. ეთერ თათარაიძის შესანიშნავ ნაშრომში “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი” ვკითხულობთ: “არ მამწონ, რო ვახტანგის სამარე ამ ეზოშია. რა ვიცი რატო იბრძოდა, მე და შენ მანდ უნდა დავიმარხოთო, – მითხრის. ე ტყე მაინც გადმეეჭრა და მანდ სადმე დეემარხა. მე არ მინდს ამ ეზოში დასამარება…” კარგი იქნება შეცდომა თუ დროულად გამოსწორდება!”