30 ივლისი, 2020

ელენე და ზურა ყიფშიძეების დაუვიწყარი ამბავი

ელენე და ზურა ყიფშიძეების დაუვიწყარი ამბავიელენე და ზურა ყიფშიძეების დედა-შვილობა ნამდვილად სამაგალითო იყო. მათ ცხოვრებაში ბევრი მომენტი ყოფილა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, თუმცა 31 ივლისის გათენება ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა.

ამბავი რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა გაიხსენა:

“2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, უმოქმედობასაც, ბატონობს ტრაგიზმი, რომლის ფონზე ყველაფერი უფერულია.

დედის ტანჯვისგან დაღლილი შვილი დედის ცხედარს უწვება გვერდით და ძილ-ბურანში ჩაკარგული ელის განთიადს, პირველ მზის ამოსვლას დედის გარეშე.

დაე მუდამ იყოს მზე, დაე მუდამ იყოს დედა…- არავინ იცის ახსენდება თუ არა საკუთარ ბავშვობაში პოპულარული საბავშვო ჰიტი, მაგრამ ყველამ ვიცით რომ მუდამ მხოლოდ მზე იქნება და მუდამ ვერ გვეყოლება დედები. ვიცით, მაგრამ არ გვჯერა, უფრო სწორად არ გვინდა დავიჯეროთ…

ამოდის მზე. შვილი დედის მეზობლებს აგებინებს დედის დაღუპვის ამბავს…

მიუხედავად იმისა რომ მოხუცი ქალიც დიდი არტისტია და შვილიც, ეს არც სცენაზე ხდება და არც – გადასაღებ მოედანზე, მათ წინ არც პარტერია და არც – კამერა. აქ ყველაფერი ნამდვილი და ტრაგიკულია.

მიუხედავად იმისა, რომ დედა – ელენე ყიფშიძეა, ქალი-ლეგენდა, ის ნამდვილად კვდება და შვილი – ზურა ყიშიძე, რომელსაც არაერთხელ ჰყავს ატირებული მაყურებელი, თავად ტირის ნამდვილი და არა გლიცერინის ცრემლებით…

ისინი არასოდეს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად.

ელენე ყიფშიძე – ჩემი თაობისთვის ზურას დედა, დღევანდელი თინეიჯერებისთვის “ყიფშოს” – გიორგი ყიფშიძის ბებია. თუმცა იყო დრო – ზურა იყო “ლენას ბიჭი”…