26 ივლისი, 2020

ძალიან საინტერესო ამბავი ოთარ ჭილაძეზე

ოქროს სიტყვები ოთარ ჭილაძისგანმწერალსა და პოეტზე ოთარ ჭილაძეზე მისი ძმა – თამაზ ჭილაძე ერთ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელიც ნობელის პრემიას შეეხება:

“1999 წელს, ნობელის საპრემიო ციებ-ცხელების დროს სტოკჰოლმიდან საშა აფინოგენოვამ – შვედეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა, ცნობილი დრამატურგის ქალიშვილმა, არაჩვეულებრივად სიმპათიურმა ადამიანმა დაგვირეკა – აი, ახლა სტოკჰოლმის ტელევიზიით ოთარის სურათს ვხედავ, მასზე ლაპარაკობენ, როგორც ნობელის პრემიის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატზე, სიხარულისგან ვტირი, მაგრამ არავითარი იმედი არა მაქვს, რადგან აქ პრემიის მოსაპოვებლად ნამდვილი ომია გაჩაღებული – საელჩოები, გამომცემლობები, ლიტერატურული აგენტები ხელჩართულ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, თქვენ კი, საელჩოს ვინ ჩივის, ერთი წარმომადგენელიც არა გყავთ სტოკჰოლმში, ამ ამბით რომ იყოს დაინტერესებულიო.

რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, შოლოხოვისთვის როგორმე ნობელი რომ მიეცათ. ოთარის პირდაპირი კონკურენტი გუნტერ გრასი 20-ჯერ იყო წარდგენილი ამ პრემიის მოსაპოვებლად.

მაშინ ამბობდნენ, ჩვენი პრეზიდენტისთვის ვიღაცას უკითხავს, თუ უსაყვედურებია, რატომ არ ეხმარებით ოთარსო. პრეზიდენტს უპასუხია – მეშინია ხელი არ შევუშალოო. არ ვიცი, რას გულისხმობდა. ღმერთმა იცის, რას ფიქრობენ პრეზიდენტები! იქნებ მართალიც კი იყო…

ჩვენში და, რასაკვირველია, არა მარტო ჩვენში ბევრს სჯეროდა ოთარი რომ პრემიას მიიღებდა. ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას ჰქონდა. მეც მჯეროდა და, რათქმაუნდა, არც მთლად უსაფუძვლოდ. ცნობილი გახდა, 1999 წელს რა ტრიუმფით გაიარა ოთარმა პრემიის მოსაპოვებლად აუცილებელი ყველა საფეხური. დღესაც, როცა ოთრი აღარ არის, უამრავი და უამრავი ადამიანი (და არა მარტო ჩვენში) გამოსთქვამს სინანულს ამის გამო და, ამასთანავე, სინანულით აღნიშნავს ნობელის კომიტეტის ცალმხრივობასა და უცნაურ სიბეცეს. რუსეთისა თუ სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყნების საიტებზე ჩნდება ასეთი განცხადებები: ,,ნობელის კომიტეტი ლიტერატურის დარგში უბრალოდ სასაცილოა”, ,,ოთარ ჭილაძე იყო თანამედროვეობის საუკეთესო მწერალი. ბოლო წლებში დამაეჭვა ნობელის პრემიის კომიტეტის კომპეტენტურობამ”, ,,ოთარ ჭილაძეს ისევე არ ჭირდება ნობელის პრემია, როგორც ჩიკოვსკის – ,,გრემი”…

რასაკვირველია, პირადად მე, არ შემიძლია ასე კატეგორიულად გავიზიარო უამრავი და უამრავი ადამიანის უარყოფითი შეხედულება ნობელის კომიტეტის მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ (და ასეც იქნებოდა!) – ოთარს ორი-სამი წელი კიდევ რომ ეცოცხლა, უსათუოდ მიიღებდა ამ პრემიას!…

უცხოელი მწერლებიც, თავად ამ მაღალი პრემიის ღირსნი, ერთხმად გამოთქვამდნენ პრესაში თვიანთ მხარდაჭერას ოთარ ჭილაძის კანდიდატურის მიმართ. უკრაინელი მწერალი, ,,მომავალ ნობელიანტად” მიჩნეული ევგენი პაშკოვსკი წედა: ,,ოთარ ჭილაძე სამი თავით მაღლა დგას უკანასკნელი ათი წლის ნობელიანტებზე”-ო.

ერთ-ერთ უცხოურ საიტზე მოყვანილი იყო ამონაწერი ნობელის საორგანიზაციო კომიტეტის კანცლერის ოქმიდან (სხვათა შორის, ჩვენი ტელევიზიის ერთ-ერთმა კორესპოდენტმა გოგონამ, სამწუხაროდ არ მახსოვს მისი გვარი, სტოკჰოლმიდან პირდაპირი გადაცემის დროს, იგივე განაცხადა!) – საქართველოდან ნობელის პრემიაზე (მშვიდობის პრემიის ჩათვლით!) წარდგენილები იყვნენ: სტალინი, ოთარ ჭილაძე (2-2 ჯერ), მიხეილ სააკაშვილი, და გია დვალი, ანუ ისინი, ვისი კანდიდატურაც ნობელის კომიტეტმა ნომინანტად სცნო.

საქართველოს პრესა და ტელევიზია კი დუმდა. გულდასაწყვეტი ფაქტია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის გამომცემლობა ,,აზბუკაში” თითქმის მაშინვე, ანუ 1999 წელს, საგანგებოდ გამოსცეს ოთარ ჭილაძის რომანი ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” და ყდაზე დააწერეს: ,,1999 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი”-ო.

იმედია, ჩვენი ჟურნალისტები იმას მაინც არჩევენ, რომ პრემიაზე წარდგენა სხვაა (ყველა შეიძლება იყოს წარდგენილი და აკი, ასეც ხდება დღეს ჩვენში!) და ნომინანტობა კი (ანუ კომიტეტის მიერ წარდგენილი კანდიდატის პრემიის ღირსად ცნობა ოფიციალურად) – სულ სხვა!…

,,შვედეთის აკადემიამ ჩემი კანდიდატურა სცნო, ალბათ ესეც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩემს გაჭირვებას ვერ უშველის”-ო, ჩაუწერია ოთარს თავის რვეულში 1999 წელს.

ხმამაღლა არ უთქვამს, მაგრამ ალბათ თვითონაც სჯეროდა, ისევე, როგორც ბევრსა და ბევრს, პრემიას რომ მიიღებდა, რაც მისი სათაყვანებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა!

შეიძლებოდა აქვე მეთქვა – ჩვენ პატარა ქვეყანა კი ვართ, მაგრამ კულტურით არცერთ ზემძლავრ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებით. მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ამ ნიშნით არ იზომება ქვეყნის ღირსება. ახლახან ჟურნალ ,,ქართულ მწერლობაში” ერთმა ახალგაზრდა მწერალმა დიდი სინანულით აღნიშნა: ოთარ ჭილაძე ფრანგი რომ ყოფილიყო, უსათუოდ მიიღებდა ნობელის პრემიასო… მე მგონი, ახალგაზრდა ადამიანის ეს სინანულიც არ არის ნაკლები ჯილდო ნებისმიერი მწერლისთვის…”